საოცარი ატმოსფერო | 1300 ულტრასი 7-წლამდე გუნდის მატჩს დაესწრო
ავსტრიაში, 7-წლამდე ასაკის გუნდებს შორის გამართული ერთ-ერთი მატჩისას, ტრიბუნებზე განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. ზალცბურგის „აუსტრიას“ ულტრასმა გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, თავიანთი საყვარელი გუნდისა და „ლამპრეხტაუზენის“ შეხვედრას დასწრებოდნენ და ბავშვები გაემხნევებინათ.
ავსტრიული კლუბის 1300 ქომაგი სტადიონზე დროშებით, პეტარდებითა და დრამებით მივიდა და პატარა ფეხბურთელებს დაუვიწყარი გარემო შეუქმნა. სოციალურ ქსელებში ვიდეოც გავრცელდა, რომელზეც „აუსტრიას“ მომღერალ ქომაგებსა და შექმნილ ატმოსფეროს ვხედავთ. ადგილობრივი პრესის ცნობით, მატჩმა მშვიდად ჩაიარა და გულშემატკივრების ყოფნამ ბავშვებზე დადებითად იმოქმედა.
„აუსტრიაში მუშაობის დაწყების დღიდან მოყოლებული, უცნობი ადამიანები სულ მეკითხებიან, ულტრასები როგორ იქცევიან და გვყავს თუ არა „ნორმალური“ გულშემატკივრები. პასუხის გაცემისას სიამაყის გრძნობა მეუფლება, ვიღიმი და ვეუბნები: აუსტრია ნამდვილი ოჯახია, რომელიც თავის მომავალ თაობას ყველაფერზე წინ აყენებს. ჩვენი გულშემატკივრების მიერ მოწყობილი სცენები ბავშვებს ეხმარება და უბიძგებს, წინსვლა არ შეწყვიტონ“, - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა, საშა გასტუბერმა.
ცნობისთვის, ზალცბურგის „აუსტრია“ 2005 წელს დაარსებული კლუბია და მისი შექმნა Red Bull-ის მიერ, „ზალცბურგის“ შესყიდვის შემდეგ გადაწყდა. „აუსტრია“ ავსტრიის რანგით მე-3 დივიზიონში ასპარეზობს.