ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება“ - რა ითქვა ნორვეგიასთან მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ, ბათუმში გამართავს.

  

დაგეგმილი მატჩის წინ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიიას შეხვდა და ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა:

რა თქმა უნდა, ესპანეთის წინააღმდეგ ნორვეგიის მატჩს ვუყურე და რა დასკვნაც გამოვიტანე იყო ის, რომ ნორვეგია ასეთ მარცხს არ იმსახურებდა, რადგან კარგად მოქმედებდა და დასანანი გოლები მატჩის ბოლოს გაუშვა.  კარგად ვიცით, რამდენად რთული მატჩი გველის და რომ  ჩემს ფეხბურთელებს რთული დავალებების შესრულება მოუწევთ. მხოლოდ გუნდური თამაში მაინტერესებს - თუ როგორ ვიმოქმედებთ დაცვასა და შეტევაში. დასრულებული ერთა ლიგის გამოცდილება გვაქვს და ყველა დასკვნა უკვე გამოტანილია, თითოეულ მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახლა ბევრად ძლიერ ჯგუფში ვართ და გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებას გველის.

ვიცით, რომ ნორვეგიას ერლინგ ჰოლანდი დააკლდება, რაც ნიშნავს, რომ ისინი სხვანაირად იმოქმედებენ. მე, როგორც ფეხბურთის მოყვარულს, მსურს, რომ  მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელებს ვხედავდე, ეს სხვა მოთამაშეებისთვისაც დიდი მოტივაციაა.

ბოლო 2 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა. დაახლოებით 11 ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ძალების მოსინჯვა როგორც ეროვნულ გუნდში, ისე ევროპის ჩემპიონატზე, 21-წლამდე შემადგენლობაში შეუძლიათ, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ნიჭიერი გუნდი გვყავს.სასიამოვნოა იმ პროცესის ყურება, თუ როგორ ვითარდებიან ისინი და როგორ ეხმარებიან ეროვნულ ნაკრებს. იმედია, თითოეული მათგანი შრომას განაგრობს და სამომავლოდ, მთავარ გუნდში ისევ ვიხილავთ.

 

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა გუნდის კაპიტანი, გურამ კაშიაც:

ვიცით, რომ მეტოქეს ნებისმიერ პოზიციაზე ტოპ ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი საქმე თავმდამსხმელების გამკლავებაა, რა თქმა უნდა, თუ მთავარი მწვრთნელი ჩემს თამაშს გადაწყვეტს. გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად მსურდა.

რა თქმა უნდა, კარგი მატჩის ჩატარებაა მიზანი და ამ შედეგისთვის ორიენტირებულები ვართ.

ბათუმში საოცარი გარემოა, რასაც გულშემატკივარი ქმნის. ბათუმში მე სლოვანთან ერთადაც ვიყავი და ის დადებითი ემოციებიც მახსოვს, რაც სამწუხაროდ, ბათუმისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება და როგორც ყოველთვის, მჯერა, ისინი მხარში დაგვიდგებიან.

ვფიქრობ, ერთა ლიგის წინა ციკლთან შედარებით ეს ჯგუფი ბევრად რთულია, რაც ჩვენი გამოცდა იქნება, ძალებს მოვსინჯავთ. ეროვნულ ნაკრებში თამაში უდიდიესი ბედნიერებაა და გამოცდილი ფეხბურთელები ვცდილობთ, ახალგაზრდებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.

ვილი სანიოლის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმის სტადიონზე, მატჩისწინა, ბოლო ვარჯიში გამართა.

საქართველო - ნორვეგია (ისტორია)

აღნიშნული ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მესამედ ხვდებიან. ჩვენს გუნდს, ნორვეგიის წინააღმდეგ, გამარჯვება არ აქვს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 მატჩში 6 გოლი გაუშვა, 1 - გაიტანა.

1 სექტემბერი, 1996: ნორვეგია 1-0 საქართველო (საერთაშორისო ამხანაგური მატჩი)

28 აპრილი, 1999: საქართველო 1-4 ნორვეგია (ევრო საკვალიფიკაციო)

30 მაისი, 1999: ნორვეგია 1-0 საქართველო (ევრო საკვალიფიკაციო).

1999 წლის შემდეგ, ნორვეგია საქართველოში არ ყოფილა. ეს მეორე მატჩია, როდესაც შეხვედრას საქართველო მასპინძლობს. 1999 წლის 28 აპრილს გამართული მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შედგა და 15 000 მაყურებელი დაესწრო.  ნორვეგიის კარში ერთადერთი გოლის ავტორი მამუკა წერეთელია. მაშინ ჩვენს გუნდს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1996 წელს გამართულ მატჩში, სწორედ ნორვეგიის წინააღმდეგ შედგა ლევან კობიაშვილის დებიუტი, რომელაც ეროვნული გუნდის მაისურით 100 მატჩი ჩაატარა, რაც გურამ კაშიას შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და სხვა საჭირო ინფორმაცია

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი, საქართველოსა და ნორვეგიას შორის 28 მარტს შედგება და 20:00 საათიდან დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ბათუმში სრულ ანშლაგს ელიან. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი არასრულ დღეში გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორ შევაჩერე კვარაცხელია?“ - ბრაზილიელი დოდოს პასუხი
„როგორ შევაჩერე კვარაცხელია?“ - ბრაზილიელი დოდოს პასუხი