მესის მე-800 გოლი კარიერაში - არგენტინამ პანამა დაამარცხა
არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში პანამა 2:0 დაამარცხა. ანგარიში 21 წლის ტიაგო ალმადამ 78-ე წუთზე გახსნა. 89-ე წუთზე ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამ გოლით 35 წლის არგენტინელს კარიერაში 800 გოლი დაუგროვდა.
მატჩის შემდეგ ლიონელ მესიმ „ალბისელესტეს“ ქომაგებს მიმართა: „მინდა მადლობა გითხრათ სიყვარულისთვის და აღიარებისთვის, რაც თქვენგან მივიღეთ და ეს არ ეხება მხოლოდ მუნდიალს, ასევე ვგულისხმობ კოპა ამერიკას. ჩვენ ვთქვით, რომ ტიტულისთვის ყველაფერს გავიღებდით. ვერ აღვწერ, ამ ხალხის სიხარული ჩემთვის რამდენად ბევრს ნიშნავს“.
არგენტინა-პანამას მატჩი ბუენოს აირესში გაიმართა, მუნდიალის მოგების შემდეგ არგენტინის ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა.