„ესთეთიკისა და ეფექტურობის სინთეზი“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მესამე გოლის ეპიზოდში კი ე.წ. Pass to assist-იც შემოგვთავაზა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:
Tuttomercatoweb – 7.5 ქულა: ბევრი სივრცე არ ჰქონია, რადგან ორმაგი დაცვის ქვეშ იყო. ამიტომ ყველაფერს თვითონ იგონებდა, თავისი ფანტაზიიდან გამომდინარე. ოლივერიაზე ქუსლით გაკეთებული პასი ოსტატური იყო. მან ასევე გამოიმუშავა პენალტი, რომელიც თვითონვე გაიტანა და პასი გაუკეთა ნდომბელეს, რომლითაც სერია A-ში ორმაგ დუბლამდე მივიდა. „კვარა არ ჩერდება, თამაშამდე პირჯვარს იწერ და იმედოვნებ, რომ ეს გიშველის“ - თქვა ჯურიჩმა პრესკონფერენციაზე. მისდა სამწუხაროდ, ამან არ უშველა.
CN24 – 8 ქულა: თავისი თამაშის შოუს აწყობს. ცივად მოიპოვა პენალტი და შემდეგ გოლად აქცია. ამას დაამატა მეოთხე გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემაც. როდესაც ბურთი ფეხთან ახლოს აქვს, ის თავისუფლად გრძნობს თავს და მეტოქესაც მარტივად იშორებს.
Calciomercato – 8.5 ქულა: ჩვეული ციფრები, რომელსაც გრავილონი არასერიოზულად ეპყრობოდა და შედეგიც სახეზეა! მან ზუსტად ისე ითამაშა, როგორც სპალეტის სურდა, ისე, რომ შეცდომაც არ დაუშვია. მოიპოვა პენალტი, გაიტანა და ისე იზეიმა, როგორც თვითონ სურდა. შემდეგ იყო ასისტი 4:0-ზე. ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას.
NapoliMagazine – 9 ქულა: მარცხენა ფლანგზე თითქმის არ გაჩერებულა. ჩვეული კლასი, ცივად მოპოვებული პენალტი და გოლი. ასევე საგოლე გადაცემა ნდომბელეზე. საერთოდ სხვა დონეა!
Goal.com – 6.5 ქულა.
90 Min – 7.5 ქულა: ყოველთვის მზადაა საკვანძო მომენტში თავისი კლასის ხარჯზე გარდატეხა შეიტანოს, რაც მოპოვებულ პენალტსა და მის შესრულებაში გამოიხატება. ქუსლით გაკეთებული პასით, ელეგანტურად გაუხსნა გზა 3:0-ს. შემდეგ კი ნდომბელეს გაატანინა. ესთეტიკა და ეფექტურობა იდეალურადაა სინთეზირებული.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. კონკრეტულად სერია A-ში მის ანგარიშზე 22 მატჩი, 12 გოლი და 10 საგოლე პასია.
27 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 21 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ საკუთარ მოედანზე „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.