ხვიჩა კვარაცხელია, რიკარდო კაკა
Aa
Aa

EUROSPORT: კვარა შეუდარებელია! მის გვერდით მხოლოდ კაკას დაყენება შეგვიძლია

Eurosport-ის იტალიური ბიურო „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება კვარას შევადაროთ ლეგენდარული ბრაზილიელი შემტევი, რიკარდო კაკაა. სტატიის ავტორი ხვიჩას და კაკას სადებიუტო სეზონებზე ამახვილებს ყურადღებას და მათ შორის არსებულ მსგავსებაზე საუბრობს.

რა წერია სტატიაში:

ხვიჩა კვარაცხელიას არაჩვეულებრივი თვისება არის ის არაპროგნოზირებადობა, რომლითაც მან სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველა იერარქია გაარღვია. ნეაპოლში ჩასულმა ქართველმა მაშინვე გამოავლინა თავისი უცნობი პოტენციალი და „ნაპოლიმაც“ მალევე აღმოაჩინა, რომ მათ ხელში „ბინგო“ ჰყავდათ. ის არის ფენომენი, რომელსაც აქვს უნიკალური სტილი და შესრულების მაღალი კლასი, რომელმაც გუნდის ისედაც კარგად აგებულ ფორმაციას დამატებითი ელფერი შემატა. სადებიუტო სეზონში 77-მა ნომერმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მე-3 ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეაქვს. სერია A-ში მოკლევადიანი პერიოდისა და სადებიუტო სეზონში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, კვარა შეგვიძლია მხოლოდ რიკარდო კაკას სადებიუტო სეზონს შევადაროთ.

გასული სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ ლორენცო ინსინიე დაემშვიდობა, რომელიც „ტორონტოში“ ახალი თავგადასავლების საძიებლად წავიდა. ევროპის ჩემპიონის წასვლის შედეგად დატოვებული სიცარიელის შევსება რთული იყო, კლუბმა კი ინვესტიცია არა ცნობის სახეში, არამედ უცნობ ხვიჩა კვარაცხელიაში ჩადო, რომელიც ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. ერთი შეხედვით, დაქვეითება გარდაუვალი იყო. არსებობა მოლოდინი, რომ კვარას, რომლის შესახებაც ფაქტობრივად არაფერი იყო ცნობილი, გუნდთან  ადაპტირებისთვის თვეები დასჭირდებოდა, ისევე როგორც კიმ მინ-ჯაეს შემთხვევაში. თუმცა, სულ ტყუილად.  77-მა ნომერმა მაშინვე დაამსხვრია ის აზრები, რომლებიც ჟურნალისტებს სერია A-ში ახლადმოსული სახეების მიმართ გვაქვს და ისინი უბრალოდ გაანადგურა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა ის პირველივე შეხვედრაში, „ვერონასთან“ სასტარტოში დააყენა, მან კი ნდობა თავით გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გაამართლა. ამასთან, მას ეფექტური თამაშიც ჰქონდა. ამის შემდეგ იყო „მონცასთან“ მატჩი, სადაც მან თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და აქედან ორ დღეში უკვე „კვარადონა“ მოგვევლინა.

რამდენიმე დღეში მას უკვე ევროსარბიელზე მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. „ლივერპულის“ წინააღმდეგ 4:1 მოგებულ მატჩში მას ბრწყინვალე საღამო ჰქონდა თავისი დრიბლინგებით, დარტყმებით და საგოლე პასით, რომელმაც ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს დიდი თავის ტკივილი მოუტანა. მაგრამ ეს მხოლოდ სექტემბერში იყო. ამის შემდეგ მან გაიბრწყინა „აიაქსთან“, „რეინჯერსთან“, შეუვალი იყო „იუვენტუსთან“ და ა.შ. „სასუოლოსა“ და „ატალანტას“ წინააღმდეგ გოლები დახატა... ის არის მხატვარი ჩამოშლილი წინდებით, თითქმის მოუხერხებელი სირბილით, მაგრამ ისეთი ტექნიკურია, რომ მოწინააღმდეგის მცველებს ფინტებითა და დრიბლინგებით ფაქტობრივად ძირს უთხრის. ქართველი ჩვენს თვალში უცხოპლანეტელია, რადგან ვინტაჟურ ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც დღევანდელი ფეხბურთელები თითქმის ვეღარ გვთავაზობენ. ის არის წარსულიდან, 70-ანი წლებიდან გამოგზავნილი გენიოსი, რომელშიც ყველა თვისებაა გაერთიანებული.

კვარაცხელია 2022/23 წლების სეზონში:

სერია A – 22 თამაში, 11 გოლი, 11 ასისტი, 1652 ნათამაშები წუთი.

ჩემპიონთა ლიგა - 6 თამაში, 2 გოლი, 4 ასისტი, 455 ნათამაშები წუთი.

კაკა, მომავლის ფეხბურთელი, რომელიც მილანში ჩავიდა:

2003 წლის აგვისტოში „მილანმა“ „სან პაოლოდან“ ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, რიკარდო იზაქსონ დოს სანტოს ლეიტე შეიძია, ცნობილი, როგორც კაკა. ხარჯი - 8.5 მილიონი ევრო, უმნიშვნელო. ლინატეს აეროპორტში ჩამოდის 21 წლის ბრაზილიელი ბიჭი, რომელსაც კვარას მსგავსად ცოტა თუ იცნობდა. სკოლის მოსწავლის სახით, გაშლილი თმებით და მოდური სათვალით. ცოტა თუ წარმოიდგენდა, ვინ ჩავარდა ანჩელოტის ხელში... ეს შესაძლოა მხოლოდ არიედო ბრაიდას სცოდნოდა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ჩემპიონი იპოვა. ამ დროს, „როსონერის“ გუნდში ბევრი შესანიშნავი მოთამაშე ჰყავდა, მაგალითად რუი კოშტა, რომელმაც კაკას მისვლიდან 1 თვის შემდეგ გალიანის დაურეკა და უთხრა, რომ 22 წლის ბრაზილიელი მასზე ბევრად ძლიერი იყო. სამხრეთ ამერიკელს რამდენიმე კვირა დასჭირდა, რომ თავისი ღირებულება როგორც ვარჯიშზე, ისე თამაშებში ეჩვენებინა. სერია A-ში, სადებიუტო მატჩში განხორციელებული აჩქარებით მან უკვე თავის სიძლიერეზე მიგვანიშნა.

პირველი გოლი ოქტომბერში, როსონერის მიერ ინტერის წინააღმდეგ მოგებულ დერბიში გაიტანა, როდესაც გატუზოს გადაცემის შემდეგ კარისკენ ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა. შემდეგ იყო „ემპოლისთან“ საოცარი გოლი, რომელიც 30 მეტრიდან შორეული დარტყმით გაიტანა. ეს საპასუხო დერბიშიც გამეორდა და თანდათან, მისი წარმატებაც გამრავლდა. 2003/04 წლების სეზონში „მილანმა“ მე-17 სკუდეტო მოიგო, ამაში კი დიდი წვლილი ბრაზილიელ პლეიმეიქერს მიუძღოდა. თუმცა, მან „როსონერის“ გულშემატკივრების გული თავისი დრიბლინგებით, ბილიარდისებული დარტყმებითა და აჩქარებებით მოიგო. ის იყო ტორნადო, რომელსაც ვერავინ აჩერებდა და ეს პირველივე წელს გვაჩვენა. მომდევნო წელში ის უფრო მაგიური გახდა, რომლითაც გუნდს 2006/07 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და ამით, მას ოქროს ბურთის ჯილდომდეც გაეხსნა გზა.

კაკა 2003/04 წლების სეზონში:

სერია A – 30 თამაში, 10 გოლი, 6 ასისტი, 2237 ნათამაშები წუთი.

ჩემპიონთა ლიგა - 10 თამაში, 4 გოლი, 1 ასისტი, 784 ნათამაშები წუთი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მკრეხელობაა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩას მარადონასთან შედარებაზე
„მკრეხელობაა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩას მარადონასთან შედარებაზე