მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

ჩეილ სონენი: „მერაბი მოიგებს, ის არასდროს ჩერდება, მაგრამ იანიც მაგარ ფორმაშია“

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა. სონენმა პროგნოზიც გააკეთა და ივარაუდა, რომ ეს ბრძოლა „მანქანის“ გამარჯვებით დასრულდება.

„ჩემი არჩევანი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებაა, თუმცა სერიოზული მაგრამ არსებობს. მერაბი ძლიერია, კარგი დისციპლინა აქვს და უნარებით გამოირჩევა, მაგრამ მისი მთავარი პლუსი არც ერთი მათგანი არ არის. დარწმუნებული ვარ, იანის მოსამზადებელ კემპში საერთოდ სხვა საკითხებზე იმუშავეს. როცა მერაბს სწავლობ, ხვდები, რომ ის არ ჩერდება და პრესინგს ისე ახორციელებს, როგორც არავინ. მისი პრესინგი შენი ყოფილი მეტოქეების ან სპარინგ-პარტნიორების პრესინგთან ახლოსაც არაა. მისი ტემპი შეუდარებელია.

იცით, საინტერესო რა არის? მერაბს პიოტრ იანთან უკვე უჩხუბია. ჟოზე ალდოზე მაქვს საუბარი. შეიძლება, მითხრათ, რომ იანი დგომში ალდოზე მაგარია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მერაბი ალდოსთან დგომში არ დარჩენილა. მერაბი იანთან იმავეს გააკეთებს, რაც ალდოსთან. ღობესთან მიიყვანს, შეეცდება, თეიქდაუნი განახორციელოს და ბრძოლა პარტერში გადაიყვანოს. იცით, ვისი გადაყვანაა რთული პარტერში? ჟოზე ალდოსი. იცით, ვინ იცავს თეიქდაუნების წინააღმდეგ თავს ძალიან კარგად? პიოტრ იანი. გეუბნებით, რომ ეს იგივე ბრძოლაა.

აღსანიშნავია, რომ 5 რაუნდის გამო, ეს 3-რაუნდიანისგან რადიკალურად განსხვავებული ჩხუბი იქნება. არასდროს მინახავს, იანი ბოლო რაუნდებში ჩრდილში მოქცეულიყო ან დაღლილიყო. პირიქით, რაც მეტი დრო გადის, ის უფრო მაგრად ჩხუბობს. ალჯოსთან პირველი და მეორე რაუნდი წააგო, მაგრამ მე-4 და მე-5 მოიგო. იგი ტემპითა და ენერგიით გამოირჩევა, მაგრამ არ მგონია, ამ მხრივ, მერაბის დონეზე იყოს. გამომდინარე აქედან, საინტერესოა, დვალიშვილის ტემპს როგორ გაუმკლავდება. არასდროს მინახავს, იანი ბოლო რაუნდებში გამქრალიყო და არასდროს მინახავს მებრძოლი, რომელიც მეტოქეზე მერაბისნაირად მიდის. დვალიშვილი შენზე ტასმანიური ეშმაკივით მოდის, მაგრამ საკითხავია, 5 რაუნდის განმავლობაში პრესინგის შენარჩუნებას თუ შეძლებს. მას ისეთ ფიზიკურ კონდიციებში მყოფი მეტოქე, როგორშიც იანია, არასდროს ჰყოლია და საინტერესო დაპირისპირება გველოდება. ფსონს ქართველზე ჩამოვდივარ. მგონია, მისი კონდიციები და გამძლეობა პიოტრისთვის ზედმეტად ბევრი იქნება, მაგრამ ვაღიარებ, რომ დარწმუნებით ამის თქმა არ შემიძლია. მჯერა, დვალიშვილი პირველ და მეორე რაუნდს მოიგებს, იანი კი მეოთხესა და მეხუთეს დაისაკუთრებს, რის გამოც, მთავარი მესამე რაუნდი ხდება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 12 მარტს, UFC Fight Night 221-ზე დაუპირისპირდებიან. ორთაბრძოლა საქართველოს დროით დილის 05:00 საათიდან უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: სლოვანისა და ბაზელის უხვგოლიანი ფრე შვეიცარიაში
კონფერენს ლიგა: სლოვანისა და ბაზელის უხვგოლიანი ფრე შვეიცარიაში