„წარმოუდგენელია, რომ ეს მანჩესტერ იუნაიტედთან შევძელი“ - სალაჰი ლივერპულის საუკეთესო მეგოლეა
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა.
შეხვედრაში მოჰამედ სალაჰმა დუბლის შესრულება შეძლო და „ლივერპულის“ ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „წითელ ეშმაკებს“ ზედიზედ მე-6 მატჩში გაუტანა. ამასთან, 30 წლის ფეხბურთელმა „ლივერპულის“ მაისურით პრემიერ ლიგაში 129-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გახდა. სალაჰმა ლეგენდარულ რობი ფაულერს გადაასწრო, რომელსაც 128 გოლი აქვს გატანილი.
მატჩის დასრულების შემდეგ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა.
რა თქვა სალაჰმა:
ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა, არ ვიტყუები. ეს მიზანი „ლივერპულში“ მოსვლის დღიდან მქონდა და ამის განხორციელებას პირველივე სეზონიდან ვცდილობდი.
წარმოუდგენელი გრძნობაა, რომ ეს რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დავამხე. ახლა სახლში წავალ, ოჯახთან ერთად აღვნიშნავ, გვირილის ჩაის დავლევ და დავიძინებ.
აქვე გეტყვით, რომ „ლივერპულმა“ ისტორიაში პირველად შეძლო „მანჩესტერ იუნაიტედის“ 7-ბურთიანი სხვაობით დამარცხება, თავის მხრივ კი „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერ ლიგაში პირველად გაუშვეს 7 ბურთი.