იურგენ კლოპი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგის სრული კრახი - ლივერპულმა მანჩესტერს 7:0 მოუგო

ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად, 7:0 დაამარცხა.

მერსისაიდელებმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგეს. 43-ე წუთზე „ლივერპული“ კოდი გაკპომ დააწინაურა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე შედარებით ტოლ-სწორი თამაში იყო და გოლის გატანის შანსი „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ არაერთხელ ჰქონდა.

მეორე ტაიმი კი თავიდან ბოლომდე „ლივერპულის“ უპირატესობით წარიმართა და კლოპის ფეხბურთელებმა მეტოქის კარში 6 უპასუხო ბურთი გაიტანეს.

ტაიმის დებიუტიდან 2 წუთში დარვინ ნუნეშმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, 50-ე წუთზე კი „ლივერპული“ გაკპოს დუბლით უკვე 3:0 იგებდა.

66-ე წუთზე სალაჰმა მასპინძელთა სხვაობა 4-ბურთამდე გაზარდა, 75-ე წუთზე კი დარვინმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა, რომლის შედეგადაც ანგარიში 5:0 გახდა.

83-ე წუთზე დუბლის შესრულება მოჰამედ სალაჰმაც შეძლო - 6:0. საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე რობერტო ფირმინომ დააფიქსირა - 7:0.

უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 7-ბურთიანი სხვაობით პირველად დამარცხდა, „ლივერპულმა“ კი გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ პირველად შეძლო „წითელი ეშმაკების“ კარში 7 ბურთის გატანა.

26 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში 49 ქულით მესამე ადგილს იკავებს, „ლივერპული“ კი 42 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები