„ჩემი საყვარელი კერძი ხინკალია, მჯერა, ნაკრები დიდ ტურნირზე გავა“ - მიქაუტაძე
„მეცის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ Lessentiel-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მიქაუტაძემ საყვარელი კერძი დაასახელა, განაცხადა, რომ ლიგა 1-ში გადასვლის შემთხვევაში, მზადაა, „მეცში“ დარჩეს და საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა.
როგორ ახსნი, რომ სხვა ფეხბურთელებზე გვიან გაიხსენი?
„თავდაპირველად, კლუბმა ნდობა არ გამომიცხადა. სერენში გადავედი და შემდეგ, მეცში დავბრუნდი. ამის შემდეგ, ბელგიაში კიდევ ერთი წელი გავატარე და მნიშვნელოვანია, მიზნის მისაღწევად მოკლე გზები არ გამოიყენო“.
ფიქრობ, რომ კარიერის დაწყების შემდეგ, მსხვერპლი გაიღე?
„დიახ, ასე ვფიქრობ. ვცდილობ, სწორად ვიკვებო და უფრო მეტად ვიმუშაო. მსხვერპლს შედეგი ყოველთვის მოაქვს. მაქვს თუ არა განსაკუთრებული დიეტა? დაახლოებით 2 თვეა, ჩემს კვებაზე ერთი ადამიანი ზრუნავს. ის მთელი კვირის განრიგს მიწერს, რეცეპტებს მაძლევს და შემდეგ, საჭმელს სახლში მე ვამზადებ“.
როგორი მზარეული ხარ?
„ზოგჯერ, როცა რთულ რეცეპტებთან მაქვს საქმე, დედაჩემს ვურეკავ. ის ძალიან მაგარი მზარეულია, განსაკუთრებით, როცა საუბარი ქართულ კერძებს ეხება. ჩემი ფავორიტი კერძი ხინკალია და როცა სახლში ვბრუნდები, დედაჩემი ხინკალს მიხარშავს ხოლმე“.
შენით ვერ აკეთებ?
„ვერა (იცინის). ჯერ არ მიცდია, მაგრამ, როცა ვხედავ, დედაჩემი ხინკალს როგორ ახვევს, ჩემს თავს ვეუბნები, რომ მისი მომზადება ძალიან ძნელია“.
ფიქრობ, რომ ხალხის რჩეული გახდი?
„ცოტათი კი. ეს ჩემი გოლების დამსახურებაა, რომლებსაც სოციალურ ქსელებშიც ვნახულობ ხოლმე. ნიმთან მატჩში, როცა მოედანი დავტოვე, ქომაგებმა ოვაციებით გამაცილეს. ნელ-ნელა ქუჩაშიც მცნობენ“.
არის შანსი, რომ მომდევნო სეზონში მეცში დარჩე?
„რა თქმა უნდა. ლიგა 1-ში გადასვლისთვის ვიბრძვით და თუ მიზანს მივაღწიეთ, რატომაც არა?!“
არის ჩემპიონატი, რომელიც შეგეფერება?
„ყოველთვის ვამბობდი, რომ პრემიერ ლიგა ძალიან მომწონს“.
კვარაცხელიას აღზევების შემდეგ, თვლი, რომ საქართველოს ნაკრების გარშემო განსაკუთრებული აღფრთოვანებაა შექმნილი?
„ხვიჩას გარდა, გიორგი მამარდაშვილი და ზურიკო დავითაშვილი გვყავს. გიორგი ვალენსიაში თამაშობს, ზურიკო - ბორდოში. რა თქმა უნდა, მოცდა მოგვიწევს, რადგან ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ დრო საკმარისად გვაქვს, რომ მიზნებს მივაღწიოთ და დიდ ტურნირზე ვითამაშოთ“.
ევრო 2024-ზე თამაში თქვენი მიზანია თუ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია?
„ჩვენი მიზანი საგზურის მოპოვებაა და ვნახოთ, მატჩები როგორ ჩაივლის. რთულ ჯგუფში მოვხვდით, მეტოქეები ესპანეთი და ნორვეგია გვყავს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ყველაფრის გაკეთება იქნება საჭირო, რათა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიასპარეზოთ“.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 12 გოლი აქვს გატანილი და მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაცაა.