მამარდაშვილის აღიარება - გიორგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „ღამურების“ კიპერი ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა გამოარჩია და გიორგის „სოსიედადთან“ ნაჩვენები თამაში დაუფასა.
„ჩემ“ ბასკები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და „მამარდამ“ კარი მშრალად შეინახა. ქართველი მეკარე მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებელი იყო, 3 სეივი მიითვალა და Sofascore-მა მისი ასპარეზობა 7.7 ქულით შეაფასა.
ქართველი მეკარე ცნობილმა Mundo Deportivo-მაც გამოარჩია და იგი საუკეთესო თერთმეტეულში გაამწესა: „მას რთული მისია ჰქონდა, რომელიც სოსიედადის სახიფათო შემტევების შეჩერება გახლდათ და მან ამოცანას თავი იდეალურად გაართვა. ოიარსაბალსა და კომპანიას ბევრი შანსი არ ჰქონიათ, მაგრამ ყოველ ჯერზე, ქართულ კედელს შეეჯახნენ“.
22 წლის მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში ესპანეთის ჩემპიონატში 4 მშრალი მატჩია. ასევე, ესპანეთის თასზე 3 მატჩიდან 2-ში გოლი არ გაუშვია. საერთო ჯამში, ამ სეზონში მის ანგარიშზე 6 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, მამარდამ „ვალენსია“ გოლის არაერთხელ იხსნა და მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა.
ცნობისთვის, 23 ტურში „ვალენსიამ“ 23 ქულა დააგროვა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, მე-17 ადგილზეა, თუმცა მე-18 საფეხურზე მყოფ „ხეტაფეს“ ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.