გაორმაგებული ხელფასი, კონტრაქტი 2028 წლამდე - ნაპოლი კვარას შენარჩუნებას გეგმავს
La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი ნომრის გარეკანზე „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ. ცნობილი იტალიური გამოცემა „პარტენოპეის“ გეგმებზე წერს და აცხადებს, რომ ნეაპოლური გრანდი „კვარას“ შესანარჩუნებლად მაქსიმუმს გააკეთებს.

Gazzetta-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის ხვიჩას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან რეგულარული კონტაქტი აქვს, რაც მისი შენარჩუნების სურვილის გარდა, კვარაცხელიას მიმართ არსებული დიდი ინტერესითაცაა განპირობებული. ჯუღელსა და ჯუნტოლის შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და სეზონის ბოლოს „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მამუკას შეხვდება, რათა გარიგება დაიხუროს. მხარეები ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებენ და „კვარას“ ანაზღაურება სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება.
საინტერესოა, რომ იტალიური გამოცემა ხვიჩას ამჟამინდელ ხელფასზეც წერს და აცხადებს, რომ 1.2 მილიონი ევროს ნაცვლად, ხვიჩა 1.5-ს მიიღებს. საქმე ისაა, რომ მან ხელშეკრულებაში გაწერილი პუნქტები შეასრულა, 10-ზე მეტი გოლი და ასისტი გაიფორმა და ბონუსი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.