ხვიჩა კვარაცხელია, ედოარდო რეია
Aa
Aa

„ფენომენალურია, ბურთს ვერ წაართმევ“ - ედოარდო რეია ხვიჩაზე

„ნაპოლისა“ და რომის „ლაციოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ედოარდო რეიამ ll Mattino-სთან ინტერვიუში ლუჩანო სპალეტის გუნდის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, სპალეტის ფორმაციის „ნაპოლი“ იტალიის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია.

„აძური“ იტალიის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია. იმ მიზეზის გამოც, რომ პირველ და მეორე ადგილოსანს შორის ასეთი სხვაობა არასდროს ყოფილა.

სპალეტის ბიჭებს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობა შეუძლიათ. „ნაპოლის“ „რეალთან“, „ბაიერნთან“ და „მან. სიტისთან“ კონკურენციის გაწევის რესურსი აქვს.

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი, რადგან ალბანეთის ნაკრებში მუშაობისას საქართველოს შევხვდით. მაშინ მისი თამაში დეტალურად გავაანალიზეთ, მისი თვისებები შევისწავლეთ. ბურთით ფენომენალურია, ბურთს ვერ წაართმევ. ყოველ თამაშში გადამწყვეტ როლს ასრულებს, გოლს იტანს ან საგოლე პასს ასრულებს“.

რეიას მიერ ხსენებული ალბანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩი 2022 წელს გაიმართა, 0:0 დასრულდა, ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია.

22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვით ფეხბურთელის ხელფასი €1,1 მილიონიდან €2,5-€3 მილიონამდე გაიზრდება. ხვიჩას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში 2028 წლის ზაფხულამდე „ნაპოლის“ ფეხბურთელი იქნება.

24 ტურის შემდეგ სერია ა-ს „ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ინტერსა“ და „მილანს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მელქაძე: „როცა ხვიჩას წინააღმდეგ პირველად ვითამაშე, შოკში ჩავვარდი“
მელქაძე: „როცა ხვიჩას წინააღმდეგ პირველად ვითამაშე, შოკში ჩავვარდი“