ბეტოს შემცვლელს ეძებენ - იტალიური კლუბი მიქაუტაძით ინტერესდება
„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე იტალიურ კლუბს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. Mondoudinese-ს ინფორმაციით, 22 წლის თავდამსხმელი „უდინეზეს“ რადარზე იმყოფება და „ბიანკონერი“ მის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება.
როგორც ირკვევა, „უდინეზეს“ რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს შერჩეული და ერთ-ერთი მიქაუტაძეა. „მის შესაძლებლობებზე ყველა პოზიტიურად საუბრობს და არის შანსი, იტალიის ჩემპიონატში თავის გამოჩენის საშუალება მიეცეს“, - წერს იტალიური გამოცემა.
Mondoudinese-ს მიხედვით, „უდინეზე“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ბეტოს შემცვლელს ეძებს. ეს უკანასკნელი ზაფხულში „ბიანკონერის“ აუცილებლად დატოვებს და უამრავი მსურველი ჰყავს, რამაც იტალიურ კლუბს კანდიდატების მოძებნა გადააწყვეტინა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ მონაწილეობა 26 შეხვედრაში მიიღო და 12 გოლი გაიტანა. 11-ჯერ იგი ლიგა 2-ში გამოირჩა და 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ცოტა ხნის წინ, Tuttomercatoweb-მა მას სტატია მიუძღვნა და განაცხადა, რომ მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც გოლების გატანას უბრალოდ არ წყვეტს.