ბლინდი: „ხვიჩაზე ჩემმა მეგობარმა მითხრა, მისი შეძენა აიაქსს ვურჩიე“
ნიდერლანდების ნაკრებისა და „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანი ბლინდმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 61 წლის სპეციალისტმა, რომელიც „ნარინჯისფრებში, ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო, განაცხადა, რომ „კვარას“ შესახებ ინფორმაცია საბერძნეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელისგან მიიღო და ამსტერდამულ კლუბს მისი შეძენაც ურჩია.
„ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. სერია A მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი აღარაა, მაგრამ იტალიაში მაღალი დონის მცველები მაინც არიან დარჩენილი. კვარაცხელია ბრწყინვალე ქმედებებით გამოირჩევა და დისციპლინაც აქვს, რომ გუნდური მოთამაშესავით იფიქროს. ის პოზიციას კარგად იცვლის და ნაპოლი საოცარი გუნდია.
ჯონ ვან ტ’სხიპი ჩემი ახლო მეგობარია და კვარაცხელიაზე მან მითხრა. როცა ის საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მისმა გუნდმა საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა და ხვიჩა მაშინ შეამჩნია. ინფორმაცია აიაქსს მივაწოდე და მისი შეძენა ვურჩიე, მაგრამ ორი დღის შემდეგ, გაირკვა, რომ მას ნაპოლისთან შეთანხმებისთვის მიუღწევია“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ხვიჩა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა 5-ზე მეტ გოლში მიიღო. მიმდინარე სეზონში მან 6 თამაშში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.