უკვე ტუდორის გაშვებაზე ფიქრობენ | ტოტენჰემის საშინელი მდგომარეობა
პრემიერ ლიგის 29-ე ტურში „ტოტენჰემი“ საშინაო არენაზე „კრისტალ პალასთან“ 1:3 დამარცხდა. „დეზებმა“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგეს, გასავარდნ ზონასთან 1 ქულაში არიან და ჩემპიონატში მომდევნო მატჩი „ლივერპულის“ წინააღმდეგ, „ენფილდზე“ ელით.
„ტოტენჰემმა“ 13 თებერვალს ახალი მთავარი მწვრთნელი, იგორ ტუდორი დანიშნა. ხორვატმა სპეციალისტმა ლონდონური კლუბი სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, მაგრამ სათამაშო დონე ვერ ასწია, ვერც შედეგი დადო და სამიდან სამივე მატჩი წააგო, რამაც კლუბის ხელმძღვანელები სერიოზულად დააფიქრა.
ავტორიტეტული ინგლისური გამოცემის, Telegraph-ის ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ ტუდორის გაშვებას სერიოზულად განიხილავს. კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრობს და შესაძლოა, ბოლო 30 დღის განმავლობაში მეორე მწვრთნელი გაათავისუფლოს. როგორც ირკვევა, „დეზების“ კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ სათანადო კანდიდატი არ ჰყავთ.
Telegraph-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ გუნდს ტუდორი უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, „ლივერპულთანაც“ ის იქნება, მაგრამ თუ „ტოტენჰემს“ პოზიტიური არაფერი დაეტყო, ლონდონელები მას აუცილებლად გაათავისუფლებენ