ლოჩოშვილი: „FIFA-ს ჯილდოზე წარდგენა ძალიან სასიხარულოა“
The Best FIFA Football Awards 2022-ზე ლუკა ლოჩოშვილი Fair Play-ს ჯილდოზეა წარდგენილი, თუმცა „რომასთან“ მატჩის გამო პარიზში ვერ გაემგზავრება. ამ თემასთან დაკავშირებით, ლუკა CrystalSport-ს ესაუბრა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ლოჩოშვილის გარდა სხვადასხვა ჯილდოებზე წარდგენილნი არიან ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა, კილიან მბაპე, პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი, ლიონელ სკალონი, ტიბო კურტუა, ემილიანო მარტინესი და სხვები.
ლუკა ლოჩოშვილი: „FIFA-ს ჯილდოზე წარდგენა მოულოდნელი იყო, წინასწარ არაფერი ვიცოდი. დღეს FIFA-სგან გუნდში ოფიციალური წერილი მოვიდა და შემდეგ შევიტყვე ამის შესახებ.
პირველი რეაქცია ძალიან სასიხარულო იყო. თავიდან ვერ მივხვდი, რა ღონისძიებაზე იყო საუბარი, შემდეგ რომ გავიაზრე, სასიხარულო გრძნობა იყო, რადგან ესეთი შესაძლებლობა ბევრჯერ არ გაქვს, რომ დიდ ვარსკვლავებთან ერთად იყო წარდგენილი, ისეთ ხალხთან იმყოფებოდე სიახლოვეში, რომელთაც მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ღონისძიებას ვერ დავესწრები, რადგან ღონისძიება 27 თებერვალს გაიმართება, 28 თებერვალს კი „რომასთან“ თამაში გვაქვს. ძალიან მეწყინა.
ცხადია, დასაფასებელია, როცა ასეთ ჯილდოზე ხარ წარდგენილი, კლუბში ამ ფაქტს დადებითი ემოციებით შეხვდნენ“.
2021-22 წლების სეზონში „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელებს, კრისტოფერ ვერნიტცნიგსა და ლუკა ლოჩოშვილს ჯორჯ ტაიგლის სიცოცხლის გადარჩენისთვის საპატიო ჯილდო გადასცეს. ლოჩოშვილსა და ვერნიტცნიგს კარინტიას მხარის გუბერნატორმა, პიტერ კაიზერმა, სპორტულმა დირექტორმა, არნო არტოფერმა და საბჭოს ხელმძღვანელმა, სებასტიან შუშნიგმა უმასპინძლეს და გმირული საქციელი დაუფასეს.
შეგახსენებთ, რომ „აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერის“ მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა ფეხბურთელს ჯორჯ ტაიგლს ბურთზე ბრძოლისას კრისტოფ ვერნიცნიგის მუხლი თავში მოხვდა. ჯორჯი უგონოდ დაეცა, ფეხბურთელების ჩარევამ კი სიტუაცია უფრო გაამძაფრა. ყველაზე სწრაფად გონს ლუკა ლოჩოშვილი მოეგო, რომელმაც სიტუაციის გაანალიზება სწორად შეძლო. Sky Sport Austria წერდა, რომ ყველაზე სწრაფად გონს ლუკა ლოჩოშვილი მოეგო, გაიაზრა მომხდარის სიმძიმე და თამამი ნაბიჯი გადადგა. ქართველმა ფეხბურთელმა ტაიგლის ენა დაიჭირა და გადაარჩინა. აღნიშნული ფაქტის გამო FIFA-მ Fair Play-ს ჯილდოზე წარადგინა.
„სათამაშო მომენტში ფეხბურთელი შეასკდა და ძალიან ცუდად დაეცა. რამდენიმე წამის შემდეგ შევამჩნიე, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. იმ წამსვე მივირბინე. როცა დავინახე მისი მდგომარეობა და თვალები მივხვდი რაშიც იყო საქმე. ასე თუ ისე გამოცდილება მქონდა და ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ძალიან სწრაფად შევეცადე, რომ მისთვის პირი გამეღო და ენა დამეჭირა. მძიმედ იყო, ენის ბოლო ნაწილი დავიჭირე. მადლობა ღმერთს, რომ მისი გადარჩენა შევძელი. ყველაფერი კარგად დამთავრდა.. ამის შემდეგ ყველა ჩემთან მოვიდა. აღელვებული ვიყავი, ფეხბურთელზე ვფიქრობდი. მადლობას მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გმირი ვიყავი, ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე“, - აღნიშნა ლოჩოსვილმა Crystalsport-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულში ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული კლუბიდან სერია ა-ს „კრემონეზეში“ გადავიდა.
View this post on Instagram