„პენალტი აშკარა იყო“ - რა თქვეს ჩავიმ და ტენ ჰაგმა მატჩის შემდეგ
ევროპა ლიგის 1/16-ფინალში, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ 2-მატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა. „ბლაუგრანამ“ ანგარიში 50-ე წუთზე, მარკოს ალონსოს გოლით გახსნა. 2 წუთში, მარკუს რაშფორდმა წონასწორობა აღადგინა, 59-ე წუთზე კი, ჟიულ კუნდემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „მანჩესტერი“ დაწინაურდა. საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა რაფინიამ დავიდ დე ხეას კარი აიღო.
„მანჩესტერისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას საკამათო ეპიზოდების გარეშე არ ჩაუვლია. „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრები ამბობენ, რომ შეხვედრის მთავარ არბიტრს კუნდე უნდა გაეძევებინა, „ბლაუგრანას“ ქომაგებს კი მიაჩნიათ, რომ მათ საყვარელ გუნდს აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს.
რა თქვა ჩავიმ მატჩის შემდეგ
„თანაბარი მატჩი იყო. მაღალი დონის გუნდს შევხვდით, რომელიც ფიზიკურად ძლიერია, კარგად იცის, როგორ იბრძოლოს და თავდაუზოგავად შრომობს. მიუხედავად ამისა, სწორი მიდგომა ვიპოვეთ და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეგვეძლო. ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება, სადაც მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ჩავდივართ. ამ შეხვედრაში წნეხის ქვეშ ვიყავით და მეტოქემ ბევრი დუელი მოგვიგო. იყო შემთხვევები, როცა ბურთის წინ წაღება გვიჭირდა, მაგრამ საერთო ჯამში, ყველაფერს გავუმკლავდით და პრესინგიც კარგად ვითამაშეთ. ფრედის ეპიზოდს რაც შეეხება, ვფიქრობ, თერთმეტმეტრიანი აშკარა იყო. მატჩის შემდეგ, მსაჯთან მივედი და ვუთხარი, რომ აშკარა პენალტი არ დანიშნა, მან კი მიპასუხა, რომ ხელი სხეულთან ახლოს იყო და წესების დარღვევა ამიტომ არ დააფიქსირა“.
რა თქვა ერიკ ტენ ჰაგმა მატჩის შემდეგ
„პირველ 15 წუთს თუ არ ჩავთვლით, შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართა და ბევრი მომენტი გვქონდა. შესვენებაზე იმედგაცრუებული ვიყავი, ანგარიში 0:0 რომ იყო, რადგან მინიმუმ 1 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა. საერთო ჯამში, ბრწყინვალე მატჩი იყო. ერთმანეთს ორი შემტევი გუნდი დაუპირისპირდა და ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის დონის შეხვედრა გახლდათ. თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე და ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება. გუნდში მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც მანჩესტერისთვის ყველაფერს აკეთებენ. პირველი გოლი მეტოქემ გაგვიტანა, მაგრამ თამაში შემოვატრიალეთ და წინ გავედით, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ამ მატჩზე მსაჯმა დიდი გავლენა მოახდინა. რაშფორდზე აშკარა ჯარიმა იყო. შეგვეძლო, განგვეხილა ბარსელონას საჯარიმოში მოხდა წესების დარღვევა თუ მის გარეთ, მაგრამ წითელი ბარათი აუცილებლად უნდა ეჩვენებინათ, რადგან რაში მეკარესთან პირისპირ გადიოდა. მსაჯებმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან“.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით, 00:00-ზე დაიწყება.