„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე
„კოპა იტალიას“ 1/8 ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდა და სენსაციურად, პენალტების სერიაში დამარცხდა.
შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 2:2 მორჩა, პენალტების სერიაში კი სტუმრებმა 4:5 გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც „ნაპოლის“ პრესსამსახურის ინფორმაციით გრიპი აქვს და მატჩის განაცხადშიც სწორედ ამის გამო ვერ მოხვდა.
1/8 ფინალში მარცხის შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.
რა თქვა სპალეტიმ:
ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მატჩის გაკონტროლებას, ბურთის ფლობას, მაგრად დღეს ეს ნამდვილად არ გამოგვივიდა. როდესაც წინ გავედით, თამაში უსაფრთხოდ მიმდინარეობდა, რადგან მეტოქემ ვერ შეძლო ბევრი მომენტის შექმნა, ბურთი თავდამსხმელამდე ფაქტობრივად ვერც მიჰქონდათ. თუმცა, გოლები უწყინარ სიტუაციაში გავუშვით, ორი გამჭოლი ბურთი დავკარგეთ და მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა. გავუშვით ორი გოლი და რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ.
2:1-ზე თამაშის დასრულება შეგვეძლო. მეტოქე გოლის გასატანად იძულებული გახდა, რომ შეტევაში წასულიყო და ზონები გაეხსნა. ეს ვერ გამოვიყენეთ. საერთო ჯამში, ცუდი მატჩი არ გვქონია, მაგრამ ამ შეცდომებმა ყველაფერი გადაფარა.
ზოგადად, ასეთ მჭიდრო გრაფიკში ამდენი თამაშის გამართვა მარტივი არ არის. ვნახეთ „ინტერი“ და „მილანი“, როგორ გაუჭირდათ თამაში. „ინტერი“ საერთოდ ბოლო წუთზე გადაურჩა წაგებას და შემდეგ გამარჯვების გოლი მეორე დამატებითი ტაიმის ბოლოს გაიტანეს. ეს გამართლება არ არის, დავჯდებით და კარგად განვიხილავთ რა უნდა გამოსწორდეს.

„ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა ამჯერად სერია A-ში ელის. იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სტუმრად „სალერნიტანას“ შეხვდება. მატჩი 21 იანვარს, საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.