ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ისრაელიდან ინტერესი იყო, მაგრამ სერიოზული არაფერია - ბუდუს სამომავლო გეგმები

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის სამომავლო გეგმები უცხოური პრესის განხილვის საგანია. რამდენიმე საათის წინ, იგი „ჰაპოელ ბეერ შევას“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ ისრაელის 5-გზის ჩემპიონი მისი იჯარის წესით გადაბირებას აპირებდა.

Crystalsport-ის ცნობით, „ჰაპოელ ბეერ შევას“ ბუდუს მიმართ ინტერესი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ამას განვითარება არ მოჰყოლია. თანაც, ზივზივაძეს „მოლ ფეჰერვართან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მისი იჯარით გაშვება უნგრული კლუბის ინტერესებში არ შედის. ჩვენი ინფორმაციით, „ჰაპოელ ბეერ შევასა“ და ბუდუს წარმომადგენლებს შორის კონტაქტი დაახლოებით 10 დღის წინ იყო და მას შემდეგ, არაფერი მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ „მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძის გაშვება „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. ბუდუს ქმედებებმა „მოლ ფეჰერვარის“ გულშემატკივრები განარისხა. ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტის“ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა.

„უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ „მოლ ფეჰერვარმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კლუბის, ქომაგებისა და თანაგუნდელების მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო ზივზივაძე მეორე გუნდში დააქვეითეს. თავისი ქმედებების გამო, ზივზივაძემ კლუბს და მის ქომაგებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 იანვრის სატრანსფერო ზონა
13 იანვრის სატრანსფერო ზონა