იუვენტუსს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს - ვინ შეცვალა ანიელი
ტურინის „იუვენტუსს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. „ბებერმა ქალბატონმა“ საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და დირექტორთა საბჭო ახალი წევრებით დააკომპლექტა, პრეზიდენტის პოსტი კი ჯანლუკა ფერეროს ჩააბარა.
59 წლის ეკონომისტმა ანდრეა ანიელი შეცვალა და მას ფიორანა ვიტორია ნეგრი, მაურიციო სკანავინო, დიეგო პისტონე და ლაურა ჩაპიელო დაეხმარებიან. „ბიანკონერის“ განცხადების მიხედვით, კანდიდატების შერჩევის პროცესში გადამწყვეტი სიტყვა კომპანია Exor-მა თქვა, რომელიც კლუბის აქციათა უმრავლესობის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ბებერი ქალბატონი“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ და კიდევ 7-მა წევრმა დატოვეს. ანიელი „ბიანკონერიში“ 2010 წლიდან მუშაობდა და მისი მმართველობის ეპოქაში, „იუვემ“ „სკუდეტო“ 9-ჯერ დაისაკუთრა.
მასშტაბური ცვლილებების მიზეზი გამოძიებაა, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის გაყალბებაზე მიდის და არის ვარაუდი, რომ იტალიურმა გრანდმა 2019, 2020 და 2021 წლების საბოლოო ბალანსები გააყალბა. გარდა ამისა, სამართალდამცველები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ 2020 წლის მარტში, ფეხბურთელებს ხელფასის ნაწილი არ დაუთმიათ და კლუბთან ფარული ხელშეკრულებები გააფორმეს, რომელთა წყალობითაც, 3 თვის ანაზღაურება მიიღეს. ამასთან, კორონავირუსის პანდემიისას, როცა ფეხბურთელებმა ხელფასების შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, „ბებერი ქალბატონი“ რონალდუს 20 მილიონ ევროს დაჰპირდა.