„უნდა გვჯეროდეს, რომ ნაპოლის გავუსწრებთ“ - პიოლი საჩემპიონო ბრძოლაზე
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ სერია A-ს განახლებამდე კლუბის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „როსონერი“ იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
57 წლის სპეციალისტმა იმ უნარ-ჩვევებზეც ისაუბრა, რომელიც მას „მილანში“ ყოფნის პერიოდში ჩამოუყალიბდა.
რას ამბობს პიოლი:
ვფიქრობ, ბევრ ასპექტსა და საკითხში გავუმჯობესდი, მაგრამ განსაკუთრებით ორის, ან სამის გამორჩევა შემიძლია: სხვადასხვა ტაქტიკური გადაწყვეტილებების პოვნა, ფეხბურთელებთან ურთიერთობა და ალბათ, გარე სამყაროსთანაც ურთიერთობა. ესენი მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად.
რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, „მილანს“ უნდა სჯეროდეს, რომ „ნაპოლის“ გაუსწრებს, რადგან ფეხბურთელებს გასულ სეზონშიც სჯეროდათ, რომ ჩემპიონები გახდებოდნენ, თუმცა თავიდან ეს შეუძლებელი ჩანდა.
გასული სეზონის ბოლოს, ჩემპიონობის შემდეგ მახსოვს, როგორ ვეწეოდით მე და ჩემი შვილი აივანზე სიგარას, ჩვენს ქვემოთ კი „მილანის“ დროშებით გულშემატკივრები დადიოდნენ. იმ მომენტში ნამდვილად მივხვდი იმ სიდიადეს, რაც გავაკეთეთ.
შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 41 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს, მეორე ადგილზე 33 ქულით „მილანი“ იმყოფება, მესამე პოზიციას კი 31 ქულით „იუვენტუსი“ იკავებს.
სეზონის განახლების შემდეგ „მილანი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, საქართველოს დროით 15:30 საათზე სტუმრად „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს, „ნაპოლი“ კი ამავე დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე „ინტერს“ ესტუმრება.