„მეტოქეებისთვის თავბრუს დახვევა და ნებისმიერის მოტყუება შეეძლო“ - ექს-თანაგუნდელი კვარაზე
„რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პაველ მოგილევეცმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი სიტყვები Sport 24-მა გაავრცელა და მოგილევეცმა ქართველი შემტევი „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავს, ნეიმარს შეადარა.
„რით გამოირჩეოდა ახალგაზრდა ხვიჩა? მეტოქეებისთვის თავბრუს დახვევა და პირისპირ ნებისმიერის მოტყუება შეეძლო, თუმცა თავდაპირველად, ვერ ხვდებოდა, დრიბლინგზე როდის წასულიყო და პასი როდის მიეცა. ეს გამოცდილებასთან ერთად მოვიდა. სლუცკის გუნდში კვარაცხელიას თავისუფლება ჰქონდა. მას ზედმეტი მითითებით არ ტვირთავდნენ და ამ თავისუფლების წყალობით, ხვიჩა გაიხსნა.
მართალია თუ არა, რომ როცა ვარჯიშებისას ფეხში ურტყამდნენ, ტიროდა? დაზუსტებით შემიძლია, გითხრათ, რომ ჯარიმების შემდეგ ყვიროდა, ზოგჯერ კი განაწყენებული რჩებოდა და იმედი უცრუვდებოდა, თუმცა ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ნორმალურია. მის პოზიციაზე მოთამაშე ვარსკვლავები, მათ შორის ნეიმარი, იმავეს აკეთებენ. ხვიჩა მის მსგავს სტილში თამაშობს და სცადა, მას გათანაბრებოდა. ასეთ ფეხბურთელებს ისეთი რაღაცის შექმნა შეუძლიათ, რაც ჯარიმას გამოიმუშავებს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. ქართველ ფეხბურთელს წელის ტკივილი აწუხებდა და გუნდს ახლახან, ამხანაგურ მატჩებში დაუბრუნდა.