კარიმ ბენზემას ნაკრების დატოვება არ უნდოდა - ფრანგი დიდიე დეშამით უკმაყოფილოა
საფრანგეთის ნაკრების სუპერვარსკვლავი, კარიმ ბენზემა უკმაყოფილოა დამოკიდებულით, რომელიც მის მიმართ „სამფეროვნების“ თავკაცს, დიდიე დეშამს აქვს. Libertad Digital-ის ინფორმაციით, ტრავმის მიუხედავად, კარიმს ნაკრების დატოვება არ უნდოდა, მაგრამ დეშამის სიტყვების გამო, პოზიცია შეიცვალა.
მადრიდული გამოცემის მიხედვით, მას შემდეგ, რაც დეშამმა ნახა, რომ ბენზემას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სარეაბილიტაციო პერიოდის გავლას ვერ ასწრებდა, მას ასე მიმართა: „კარიმ, რა სამწუხაროა, რომ წასვლა გიწევს“. ამ სიტყვების შემდეგ, 34 წლის თავდამსხმელმა ჩათვალა, რომ დეშამს არ სურდა, იგი ნაკრებში ყოფილიყო.
როგორც მოგეხსენებათ, კარიმი თავს კარგად გრძნობს და გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა. ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, ბენზემამ ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და არანაირი პრობლემა არ გასჩენია. იწერებოდა, რომ იყო შანსი, „რეალის“ ფორვარდი „სამფეროვნების“ რიგებში დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს მოსაზრება არ გამართლდა.
შეგახსენებთ, რომ კარიმს ბოლო 1 თვის განმავლობაში ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც „რეალის“ ბოლო დროინდელი დაპირისპირებები გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ფრანგი კატარში დაზიანებით გაემგზავრა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა. გუნდს კი ტურნირის დაწყებამდე შეუერთდა და მოგვიანებით, დადასტურდა, რომ მუნდიალზე ვერ ითამაშებდა.