მბაპეს დუბლი - საფრანგეთმა 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა
კატარი 2022-ის D ჯგუფის მეორე ტურში საფრანგეთმა კილიან მბაპეს დუბლით დანია 2:1 დაამარცხა. საფრანგეთის ნაკრებმა ორი ტურის შემდეგ მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 61-ე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. საგოლე პასი თეო ერნანდესის ანგარიშზეა.
68-ე წუთზე იოახიმ ანდერსენის საგოლე პასის შემდეგ ანდრეას კრისტენსენმა ანგარიში გაათანაბრა, სკანდინავიურმა ნაკრებმა გოლი სტანდარტული ვითარებისას შეაგდო.
86-ე წუთზე ანტუან გრიზმანის ჩაწოდებას მბაპეს გამარჯვების გოლი მოჰყვა, დიდიე დეშამის გუნდმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.
დუბლის შესრულების შემდეგ კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში 31 გოლი დაუგროვდა და ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდა. რაც შეეხება ანტუან გრიზმანს, მან 26-ე საგოლე პასი შეასრულა და ამ სტატისტიკით ზინედინ ზიდანს გაუთანაბრდა, რომელმაც ეროვნულ გუნდში 26 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
31 - Kylian Mbappé has now scored 31 goals with France, equalling Zinédine Zidane. Antoine Griezmann, who delivered an assist on the Parisian's second goal, has also equalized Zidane with 26 assists. ZZ. #FRADAN pic.twitter.com/lUijIvlhVI
— OptaJean (@OptaJean) November 26, 2022
2 ტურის შემდეგ საფრანგეთი 6 ქულით პირველ ადგილზეა, ავსტრალია 3 ქულით მეორე ადგილზეა, დანიასა და ტუნისის აქტივში 1 ქულაა.
D ჯგუფის მესამე ტურში საფრანგეთი ტუნისს შეხვდება, ავსტრალია კი - დანიას. ორივე შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.