იუვე თავდასხმის გაძლიერებაზე ფიქრობს - მურიელის ტრანსფერი რეალურია
ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს. მასიმილიანო ალეგრი თვლის, რომ შეტევის გაძლიერება სჭირდება და ამავდროულად როტაციისთვის ვლაჰოვიჩის სრულფასოვანი ფეხბურთელია მოსაყვანი.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბიანკონერიმ“ თვალი ლუის მურიელს დაადგა. „ატალანტას“ თავდამსხმელი 15 მილიონად არი შეფასებული და „ბებერი ქალბატონი“ ამ თანხის გადასახდელად მზად არის.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას გამოსყიდვა ვერ შეძლო და ესპანელი თავდამსხმელი მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდა. აქედან გამომდინარე, მურიელის ალტერნატივა მისაღებია.
შეგახსენებთ, რომ ტურინულმა გრანდმა ჯერჯერობით ანხელ დი მარია და პოლ პოგბა დაიმატა, თუმცა ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა 2 თვე გამოტოვოს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს მარჯვენა მუხლის მენისკი აქვს დაზიანებული და დიდი ალბათობით ოპერაცია დასჭირდება.
მურიელი „ატალანტაში“
კოლუმბიელი თავდამსხმელი ბერგამოულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, 31 წლის ფეხბურთელმა „ატალანტას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 128-ჯერ მოირგო, 59 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.