გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო
Aa
Aa

გეგუჩაძე მატჩის შემდეგ: ყველა განიცდის წაგებას, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ბრატისლავას სლოვანს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათუმური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა გეგუჩაძემ:

ყველანი გულდაწყვეტილნი ვართ. არ გვეყო რესურსი და ძალები, ამის მიზეზი მოედანზე თქვენც კარგად ნახეთ. ჩვენი ძლიერი მხარე დავკარგეთ, ეს იყო ბურთის ფლობა, რამაც შეხვედრას დაღი დაასვა. დამატებით დროში კონტრშეტევებს ვცდილობდით. ფლამარიონი დიდ სამუშაოს ასრულებს და იმდენად იზიდავს მცველებს, რომ სხვა ფეხბურთელებს ევრცებათ სივრცეები.

ყველაფრის მმიუხედავად ვთვლი, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ყოველთვის ვეცდებით, რომ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ.

ყველა განიცდის ამ მარცხს. ასეთ დროს სიტყვებსაც ვერ მოვძებნით. ბიჭებს დასვენების დღე მივეცით. იფიქრებენ რა და როგორ იყო, ჩვენც გავაანალიზებთ ყველაფერს, ცხოვრება გრძელდება.

აზაროვი ტექნიკური მიზეზით გამოვცვალე, რადგან შესაძლოა გადაღლილობას კუნთის წყვეტა გამოეწვია.

ჯერჯერობით გუნდის გაძლიერება არ იგეგმება. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატოთ, მაგრამ ეს ამ ეტაპზე არ მოხდება.

მოედნის კაპიტნის არყოფნა ბუნებრივია დიდი დანაკლისია და ეს გუნდსაც დაეტყო.

გამართლება? ალბათ ძლიერებს უმართლებს. სლოვანი კი ნამდვილად ძლიერი გუნდია. მინდა ჩვენს მეტოქეს და იქ მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს წარმატება ვუსურვო.

შეგახსენებთ, რომ ბრატისლავას „სლოვანში“ 3 ქართველი ფეხბურთელი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები