სლუცკი ელის, რომ მალე რუბინს სხვა ლეგიონერებიც დატოვებენ
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და კლუბიდან ლეგიონერების წასვლის ალბათობაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ცნობილია, რუსული კლუბებიდან ლეგიონერების (და არამარტო) მასობრივი გადინება იგეგმება.
„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ახალ ცხოვრებაში ეს წარმოუდგენელი ამბავია. ჩემი პროგნოზით ყველაფერი მხოლოდ ჰაქსაბანოვიჩისა და დრეიერის წასვლით არ შემოიფარგლება. ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით, გვესმის გუნდში არსებული სიტუაცია. მაგრამ დეტალებს ამ დროისთვის საიდუმლოდ დავტოვებთ.
როცა გარკვეული ინფორმაცია იქნება, ოფიციალური, გამოვაცხადებთ. ეს ახალი რეალობაა და არა მხოლოდ ჩვენ ვდგავართ ამის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გავლენას მოახდენს ან უკვე შეეხო რუსეთის პრემიერ ლიგის თითქმის ყველა გუნდს“,
- ციტირებს „რუბინის“ პრესსამსახური სლუცკის სიტყვებს.
სლუცკის სიტყვებიდან ჩანს, რომ მალე „რუბინს" სხვა ლეგიონერებიც დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს „რუბინის“ ორმა ლეგიონერმა, ანდერს დრეიერმა და სეად ჰაქშაბანოვიჩმა კლუბთან კონტრაქტი შეაჩერეს და ახალი გუნდის ძიებაში არიან. Crystalsport-ის ცნობით, უახლოეს მომავალში მათ რიგებს ყაზანელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდება.
ჩვენი ინფორმაციით, „კვარას“ წარმომადგენლებს მუშაობა დაწყებული აქვთ და ამ საკითხზე კლუბს ესაუბრებიან. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. დიდი შანსია, ხვიჩამ „რუბინი“ დატოვოს, მაგრამ ფიფას წესების მიხედვით, თუ ახალ გუნდს ვერ შეუთანხმდა, ზაფხულში ყაზანში უნდა დაბრუნდეს.