"რაღაც პრინციპები უნდა გქონდეს, ახლა რუსეთში რომ ვთამაშობდე, წამოვიდოდი"
''უიპეშტის'' ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ CrystalSport-თან ინტერვიუში რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ინტერვენციაზე, რუსულ ფეხბურთსა და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა.
ვფიქრობ, მისი პოზიცია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის სამაგალითოა, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში კარიერული პროგრესის ერთადერთი გზა ევროპული ფეხბურთია. გარდა ამისა, ზივზივაძე სამოქალაქო პოზიციასაც გამოხატავს და აღნიშნავს, რომ ამ რეალობაში, რუსულ კლუბში რომ თამაშობდეს, გუნდს აუცილებლად დატოვებდა.
ბუდუ ზივზივაძესთან ვრცელ ვიდეოინტერვიუს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ, ახლა კი ინტერვიუდან რამდენიმე ნაწყვეტს გთავაზობთ.
''ევროპა ან რუსეთის ჩემპიონატი - ასეთი არჩევანის წინაშე არასდროს დავმდგარვარ, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ მქონდეს, რა თქმა უნდა ევროპას ავირჩევდი. როგორც ისტორია და გამოცდილება გვაჩვენებს, ფეხბურთელი ევროპაში უფრო ვითარდება, ევროპაში განვითარების მეტი შანსია. რუსეთში უფრო მეტი ანაზღაურებაა, მაგრამ თუ ფეხბურთელი კარიერაზე ფიქრობ, არჩევანი ევროპული კლუბის სასარგებლოდ უნდა გააკეთო. ჩემი პირადი აზრი ასეთია''.
კითხვაზე ახლა რომ რუსულ კლუბში ირიცხებოდეს რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, ''უიპეშტის'' ქართველი ფორვარდის პასუხი ასეთია:
''პირდაპირ ვიტყვი, ახლა რუსეთში რომ ვთამაშობდე, ავდგებოდი და წამოვიდოდი. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე რუსეთში გაჩერება შეუძლებელი იქნებოდა. რაღაც პრინციპები უნდა გქონდეს. მით უმეტეს, როცა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი იყო და რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. პირადად მე რუსეთში ვერ გავჩერდებოდი''
ფეხბურთელმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა:
''2008 წელს პატარა ვიყავი, შეკრებას ჩაქვში გავდიოდით, მაშინ ინტერნეტი არ მქონდა, რომ ინტერნეტში მენახა სიახლეები, როგორც მაგალითად დღეს, როცა რუსეთი უკრაინაში ახორციელებს ინტერვენციას. მახსოვს, მშობლები რეკავდნენ მწვრთნელებთან და გვეუბნებოდნენ, რასაც რუსეთი ჩვენს მიმართ აკეთებდა. ამ ყველაფერს მთელი გუნდი ძალიან განვიცდიდით, ცოტა გვეშინოდა კიდეც, ძალიან პატარები ვიყავით. რა თქმა უნდა ცუდად მახსოვს, მთელი საქართველოსთვის ძალიან ცუდი მოგონებაა.
იმედი მაქვს, ომი ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდება და უკრაინაშიც მშვიდობა იქნება. ვიმედოვნებ, ეს ომი უკრაინის სასიკეთოდ დასრულდება. ძალიან მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვარ, ძალიან უკონფლიქტო, ჩხუბიც კი არავისთან მქონია. ყველას მშვიდობას ვუსურვებ''.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო