სენსაცია ცინცინატისგან - სუპერ ბოულის მონაწილე გუნდები ცნობილია
Aa
Aa

სენსაცია ცინცინატისგან - სუპერ ბოულის მონაწილე გუნდები ცნობილია

NFL-ში NFC-ისა და AFC-ის კონფერენციების საჩემპიონო შეხვედრები გაიმართა და 56-ე სუპერ ბოულის მონაწილე გუნდების ვინაობა გაირკვა. ვინს ლომბარდის სახელობის თასისთვის „ცინცინატი ბენგალსი“ და „ლოს ანჯელეს რემსი“ იბრძოლებენ.

„ცინცინატის“ წარმატება მიმდინარე სეზონის მთავარი მოულოდნელობა გახლავთ. „ბენგალსმა“ სუპერ ბოულის საგზური „კანზას სითი ჩიფსის“ დამარცხებით დაისაკუთრა, რომელიც გამოკვეთილი ფავორიტი იყო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა. „ჩიფსმა“ მონეტის აგდების ცერემონიაში გაიმარჯვა და ბურთი მიიღო, თუმცა პატრიკ მაჰოუმსის შეცდომის წყალობით, „ბენგალსი“ ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, გამარჯვების მომტანი ფილდ გოლი გაიტანა და 27:24 მოიგო.

დაძაბული იყო NFC-ის საჩემპიონო შეხვედრაც. „ლოს ანჯელეს რემსმა“ „სან ფრანცისკო ფორთინაინერსი“ გადამწყვეტ მეოთხედში გატეხა და 20-17 იმარჯვა. წუთითა და 49 წამით ადრე, „რემსი“ მეტ გეის ფილდ გოლით დაწინაურდა, აარონ დონალდმა და კომპანიამ კი დაცვაში შესანიშნავად იმუშავეს, ჯიმი გაროპოლოს პასი ჩაჭრეს და „რემსის“ ქომაგები გაახარეს.

შეგახსენებთ, რომ 56-ე სუპერ ბოული თბილისის დროით 14 თებერვალს, „სოფაი სთედიუმზე“ გაიმართება და 03:30-ზე დაიწყება. „ცინცინატის“ შანსი აქვს სუპერ ბოულის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდეს, „რემსი“ კი მეორე ტიტულს უმიზნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები