ამ ეტაპზე კონფლიქტი აღმოფხვრილია - კაჭარავა გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს
Aa
Aa

ამ ეტაპზე კონფლიქტი აღმოფხვრილია - კაჭარავა გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ რამდენიმე დღეა კვიპროსული მედიის მთავარი სასაუბრო თემაა. ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ფამაგუსტელთა გასახდელში შელაპარაკება მოხდა და ქართველ სპეციალისტს კაილ ლაფერტისთან და ნიკა კაჭარავასთან კონფლიქტი მოუვიდა.

Crystalsport-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მხარეებს შორის დიალოგი გაიმართა და ამ ეტაპზე, კონფლიქტი აღმოფხვრილია. ნიკა გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალ განაახლებს და იანვრამდე „ანორთოსისის“ რიგებში იასპარეზებს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი დატოვოს. ამ მომენტისთვის, ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, რომ იგი გუნდში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსული პრესის ცნობით, „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის შემდეგ, ქართველმა მწვრთნელმა კაილ ლაფერტის, წყლის ბოთლი ესროლა. მიზეზი კი ის საგოლე შანსები იყო, რომელთა რეალიზებაც შემტევმა ვერ შეძლო. თავის მხრივ, ფეხბურთელმა მწვრთნელს ინგლისურად -  Fuck you მიაძახა. ლაფერტისა და ქეცბაიას კამათში ნიკა კაჭარავაც ჩაერთო, რომელმაც ანაგუნდელის პოზიცია დაიკავა და ქეცბაიას უთხრა - ,,რას აკეთებ?“

ცნობისთვის, „ანორთოსისს“ კარგი სეზონი ნამდვილად არ აქვს და 9 ტურის შემდეგ, ფამაგუსტელთა ანგარიშზე 12 ქულაა. ქეცბაიას გუნდი მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები