კაფუ: "ალვეში ჩემზე უკეთესია"
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დანი ალვეში კვლავ „ბარსელონაში“ ითამაშებს. მისი დარწმუნება „ბლაუგრანას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა შეძლო. მოგეხსენებათ ჩავი და დანი კატალონიურ გრანდში ერთ დროს თამაშობდნენ და ერთად არაერთი ტიტული მოიგეს.
ალვეშის „ბარსელონაში“ დაბრუნებას ლეგენდარული ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი კაფუ გამოეხმაურა და დანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
კაფუ:
„ალვეშის „ბარსელონაში“ დაბრუნება შესანიშნავი სიახლეა. ის ჩემზე ბევრად უკეთესია. დანი თავისი გამოცდილებით კატალონიელებს ძალიან დაეხმარება და მაქსიმალურად ეცდება გუნდის კრიზისიდან გამოყვანას. ვფიქრობ, ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბრწყინვალე პრაქტიკა ექნება. ჩემი აზრით, ალვეში „სელესაოში“ უნდა გამოიძახონ და ასე ბრაზილიის ნაკრები უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.“

ალვეში „ბარსელონაში“
38 წლის უკანახაზელი კატალონიურ გრანდს 2008 წელს „სევილიადან“ შეუერთდა და ბარსასთან ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. 2008 წლიდან 2016 წლამდე დანი ალვეშმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 391-ჯერ მოირგო, 21 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემა შეასრულა.