მიკელ არტეტა, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ლუის ენრიკე ყველასათვის სამაგალითოა“ - არტეტა Marca-ს ესაუბრა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ესპანურ Marca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „მეთოფეების“ ჩემპიონობაზე, ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზე და ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზეც ისაუბრა.

„რა გვაკლდა წინა წლებში პრემიერლიგის მოსაგებად? ახლოს ვიყავით ტიტულთან, თუმცა წელს სეზონის სტარტიდანვე განსხვავებული გრძნობა მქონდა - დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ ვიბრძოლებდით ტიტულისთვის, მაგრამ მოსაგებად ბევრი რამაა საჭირო. ფეხბურთელები უნდა დაარწმუნო იმაში, რომ საუკეთესოები არიან, თუმცა იყო მომენტები, როდესაც ისინი საკუთარ ძალებს ეჭვქვეშ აყენებდნენ.

ის, რომ, როგორც იქნა, ტიტული მოვიგეთ, ყველასათვის ერთგვარი შვებაა, ვინაიდან „ლუზერი“ გუნდის რეპუტაცია აღარ გვაქვს. ახლა ეს შვება შიმშილის გრძნობად უნდა ვაქციოთ, რათა ჩემპიონთა ლიგის მოგება შევძლოთ. 

კრიტიკა „ზედმეტად დაცვითი ფეხბურთის“ გამო? ყველას აზრს ვცემ პატივს, თუმცა თუ გამარჯვებისთვის რაღაც დაგვაკლდა, მე ბედნიერი ვერ ვიქნები. ამ დროს ჩემი ამოცანაა, გამოვნახო გამარჯვების სხვა გზა და განსხვავებული მიდგომა. სწორედ ამაზე ვმუშაობდით ბოლო პერიოდში.

ტრავმების რაოდენობას თუ გავითვალისწინებით, იმის შანსი, რომ პრემიერლიგას მოვიგებდით, 2% იყო. რა თქმა უნდა, ამას ვერ შევეგუებოდით. ამიტომ არსებული რესურსის გათვალისწინებით შევქმენით კონკურენტული გუნდი, რომელმაც 60-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

მე და ლუის ენრიკე „ბარსელონაში“ თანაგუნდელები ვიყავით. ის უკვე გამოცდილი ფეხბურთელი იყო, მე კი ძალიან ახალგაზრდა. მახსოვს, რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თბილად ეპყრობოდა. რაც შეეხება მის მწვრთნელობას, ენრიკეს აქვს მტკიცე ხასიათი, რათა გაუძლოს კრიტიკას და არ გადაუხვიოს არჩეულ გზას - საბოლოო ჯამში ის წარმატებას აღწევს ისე, როგორც ამას თავიდანვე გეგმავდა. ამიტომ ენრიკე ყველასათვის სამაგალითოა“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-არსენალის მატჩი 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ზლატანის რეკორდს ემუქრება - საინტერესო ფაქტები ფინალისტებზე
კვარა ზლატანის რეკორდს ემუქრება - საინტერესო ფაქტები ფინალისტებზე