Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  09:14

„ძლიერი მენტალიტეტი და ბოლომდე ბრძოლა" - რა თქვა სანიოლმა მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა. ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:

„რა თქმა უნდა, ბათუმში კოსოვოსთან განცილი მარცხი ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც ძალიან გვსურდა. საშინაო შეხვედრის წაგება ყოველთვის ძალიან ცუდია. დღეს მოპოვებული სამი ქულა ვთვლი, რომ ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია. რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან კოსოვო საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგეს ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ფეხბურთელები სრულად მიყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

არ ვთვლი, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება, რაიმე განსაკუთრებულმა მომენტმა განაპირობა. დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან გვსურდა ფლანგებზე უფრო ინტენსიურად გვემოქმედა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კვეკვესკირი-გვილიას წყვილმა საშუალება მოგვცა თამაში უფრო მეტად გაგვეკონტროლებინა.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი სათამაშო სისტემა ძალიან უხდება ჩვენს გუნდს, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვითამაშებთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ ყველაფერმა იმუშავა. ყველაფერი იდეალურად არ იყო, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ თამაშის ორგანიზების ასპექტზე. მოგების შემდეგ მუშაობა ბევრად უფრო ადვილია, რადგან ეს არ არის კლუბი სადაც ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლია ამა თუ იმ საკითხზე მუშაობა. შემდეგი შეხვედრა ნოემბერში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება, ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს.

შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით იმიტომ, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთანავე ძალიან გვსურს, რომ სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ. ამიტომ მინდა, რომ შვედეთის წინააღმდეგ ტრიბუნებზე ბევრი ადამიანი იყოს. რაც შეეხება ტაქტიკას, ახლა ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან იქამდე საკმაოდ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

შეგახსენებთ, რომ ანგარიში მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა. მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, 45-ე წუთზე პენალტი ზუსტად ვედატ მურიჩიმ შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე გაიტანა, ირაკლი აზაროვის ჩაწოდებით ზურიკო დავითაშვილმა ისარგებლა და მეტოქის კარში ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა.

მომზადებულია nakrebi.ge-ის მიხედვით.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage