ჰარი კეინის ისტორიული მატჩი - ტოტენჰემმა მურა გაანადგურა
Aa
Aa

ჰარი კეინის ისტორიული მატჩი - ტოტენჰემმა მურა გაანადგურა

ევროპის კონფერენს ლიგის მეორე ტურში, „ტოტენჰემი“ საკუთარ კედლებში „მურას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 5-1 გაანადგურა. ლონდონელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

„დეზებმა“ ანგარიში მე-4 წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს, რომელიც დელე ალიმ გამოიყენა. 4 წუთში ლო სელსომ „ტოტენჰემის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. მეორე ტაიმის სტარტზე, „მურამ“ კუსის ულამაზესი გოლით ჩამორჩენა შეამცირა, რის შემდეგაც ჰარი კეინის ჯერი დადგა.

ინგლისელი ფეხბურთელი მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. კეინმა პირველი გოლი 68-ე წუთზე შეაგდო. 8 წუთში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, ხოლო 87-ზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კეინისთვის „მურასთან“ მატჩი განსაკუთრებული გამოდგა. იგი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე და კონფერენს ლიგაზე შეასრულა. გარდა ამისა, იგი მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ჰეთ-თრიქი უეფას სამ სხვადასხვა დიდ ტურნირზე მიითვალა. ჰარიმ იუპ ჰაინკესისა და გერდ მიულერის მიღწევა გაიმეორა.

ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, „ტოტენჰემს“ 4 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს. კონფერენს ლიგის ეგიდით, „დეზები“ მომდევნო შეხვედრას „ვიტესის“ წინააღმდეგ გამართავენ და მატჩი 21 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები