Aa Aa
26 სექტემბერი 2021  |  18:00

მამუკა ჯუღელი: „კვარაცხელიას ყველაფერი გავუკეთე, ახლა რეკლამა მან უნდა გამიკეთოს"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, რუბინმა განაცხადიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ამოიღო. ეს ინფორმაცია კლუბმა თავად გაავრცელა და დაწერა, რომ მიზეზი მცირე ტრავმაა, ხოლო ხვიჩას სიაში არ ყოფნა - დროებითია.

აღნიშნულმა განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - ქართული და რუსული მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას განაცხადიდან ამოღების მიზეზი შესაძლოა, ნამდვილად ყოფილიყო ტრანსფერი, რომელზეც ბოლო თვეების მანძილზე იწერებოდა - ხვიჩას სახელი არაერთ გრანდს დაუკავშირდა, მათ შორის ყველაზე აქტიურად - ჯერ მილანს, ხოლო შემდეგ - ტოტენეჰემს.

დღეს, მთავარი არხის ეთერში ( „სპორტი დიდ ქალაქში") სტუმრად ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა, რომელმაც სატრანსფერო ჭორების შესახებ ისაუბრა.

„ხვიჩა პროფესიონალია"

ხვიჩამ ამ დონეს საკუთარი შრომით მიაღწია. საქართველოსთვის იშვიათი შემთხვევაა, ის ძალიან დიდი პროფესიონალია.

რატომ რუსეთი და რუბინი?

ვისარგებლებ შემთხვევით და ამ თემას ავხსნი: კვარაცხელია 15 წლის იყო, როდესაც ჩემთან პირველად მოვიდა.  ჩემი მეგობრის შვილია. პირდაპირ ვამბობ - მაშინ სპორტინგის ვარიანტი იყო, მაგრამ ჩვენ რუსეთი და ლოკომოტივი ავირჩიეთ, რომელმაც როგორც ფეხბურთელი, ბოლომდე გახსნა. შემდეგ მისით რუბინი ძალიან დაინტერესდა, გადავიდა რუბინში და ფინანსურადაც და სხვა მხრივაც, კარგი პირობები დახვდა. კონტრაქტს ხელი 2024 წლამდე მოაწერა.

რა თქმა უნდა, თავად ხვიჩას, ოჯახის და ჩემი სურვილი ისაა, რომ  ევროპის რომელიმე გუნდში წავიდეს. ეს სერიოზული თემაა ჩემთვისაც და მისი ოჯახისთვისაც. ტრანსფერის ამბები ძალიან სერიოზულად იყო, თითქმის უკვე გადაწყვეტილი, თუმცა პატარ-პატარა დეტალების გამო, ასე არ მოხდა. 

რომელ გუნდებთან იყო საუბრები პირისპირ?

დღეს გუნდები ფინანსურად ძლიერები არ არიან. კვარაცხელიას 5 და 10 მილიონად ყველა წაიყვანს - მაგალითად, აიაქსი, ტოტენჰემი, ვესტ ჰემი და კიდევ ძალიან ბევრი გუნდი, მაგრამ რუბინს 10 მილიონზე ბევრად მეტი სურს. ხვიჩა რუსულ ფეხბურთში ვარსკვლავია და რუბინი დაბალ თანხად ვერ შეელეოდა.

გეტყვით, სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით პირადი საუბრები 2 გუნდთან მქონდა - ტოტენჰემთან და ნაპოლისთან.

რამდენიმე წლის წინ ხვიჩასა და ბელგიაზეც იყო საუბარი, მაგრამ მაშინ უარი ვთქვი და ამასაც პირდაპირ გეუბნებით. მიზეზი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ქართველ ფეხბურთელებს არ უმართლებთ.

ხვიჩა და სატრანსფერო ჭორები

ვიცი ფეხბურთელისთვის რასაც ნიშნავს, როცა მედიაში აჟიოტაჟი იქმნება და  ამას ხელოვნურად არასოდეს გავაკეთებდი.

თქვენ არ იცით, ხვიჩამ რამდენი ნერვიულობა გადაიტანა. ამ განცდებზე მხოლოდ თავად ხვიჩამ, მისმა მამამ, დედამ და მე ვიცით, რამდენი რაღაცის გაკეთება მოგვიწია ჩვენ, ბავშვი მდგომარეობიდან რომ გამოგვეყვანა - ფსიქოლოგიურ სტრესში იყო. ფეხბურთში ხვიჩას მამა მე ვარ, ასე ჩათვალეთ. მისი მამა ჩემი მეგობარია, ოჯახმა ბავშვი მე მანდო.

ასეთი რაღაცები არ შეიძლება, რეალურად არავინ არაფერი იცის - ყველაზე პირველი იგებს კლუბი და აგენტი, შემდეგ ფეხბურთელი. არ დამიმალავს - აპრილის შუა რიცხვებში იუვენტუსთან მოსალაპარაკებლად ჩავფრინდი,  პარატიჩთან (კლუბის სპორტული დირექტორი) და წინასწარ კონტრაქტზე შევთანხმდით, მაგრამ მერე მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გაუშვეს და მუშაობა ტოტენჰემში დაიწყო. ეს სიტუაცია მე შევქმენი?

იუვენტუსი დაინტერესებული ნამდვილად იყო, კონტრაქტიც დგებოდა და რუბინთანაც ყველა შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოგიყევით.

კვარაცხელიას ევროპაში გასაყვანად დახმარება არ სჭირდება, ისეთი ფეხბურთელია, ევროპაში თავად გავა. ხვიჩა მთელმა ევროპამ იცის, რადგან ძალიან სერიოზული დონის ფეხბურთელია.

რაც შემეძლო კვარაცხელიას ყველაფერი გავუკეთე, ახლა კვარაცხელიამ რეკლამა თავად უნდა გამიკეთოს, რადგან ბავშვობიდან მე შევქმენი - აი, ასეთია სიტუაცია.

9 ტურის შემდეგ ყაზანის რუბინი 14 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, ხვიჩამ კი მიმდინარე სეზონში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კვარაცხელია მოედანს მე-7 ტურში, ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ტრავმამდე ხვიჩამ სამი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო მეოთხე მატჩში ცვლილებაზე შევიდა - რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ განმარტა, რომ ხვიჩას მიმართ მოედანზე ხშირად უხეშობენ, ამის გარდა ასეთი რეჟიმის დროს დატვირთვა დიდია.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage