AS-ი მამარდაშვილზე: ''მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია''
Aa
Aa

AS-ი მამარდაშვილზე: ''მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია''

ესპანური AS-ის ცნობით ''ვალენსიას'' მხრიდან გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. გასულ ზაფხულში 20 წლის მეკარე თბილისის ''დინამოდან'' ერთწლიანი იჯარით ''ღამურებში'' გადაბარგდა, ესპანური კლუბის ხელმძღვანელებს კი ამ პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში სურთ.

მიუხედავად იმისა, რომ ''სევილიასთან'' შეხვედრაში შეცდომები დაუშვა და არადამაჯერებელი იყო, ''ვალენსიაში'' მასზე უარის თქმას არ აპირებენ, მასში პოტენციალს ხედავენ და გრძელვადიან თანამშომლობას გეგმავენ.

''როცა გიორგი ''ვალენსიაში'' ჩამოვიდა, მას მეორე გუნდში უნდა ეთამაშა, თუმცა ოცნება აუხდა და პირველ გუნდში იასპარეზა. მიუხედავად ამისა, შეცვლა არავისთვისაა სასიამოვნო. შეცვლის მიუხედავად მამარდაშვილს ფსიქოლოგიური დარტყმა არ მიუღია, რადგან ბოლო საათებში ''ვალენსიამ'' ფეხბურთელის მენეჯერთან (ლევან სეთურიძესთან) მოლაპარაკება აქტიურად დაიწყო''.

ამავე სტატიაში ჟურნალისტი ნაჩო სანჩისი იასპერ სილესენის შესახებ წერს:

''სანაკრებო პაუზის შემდეგ კვლავ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა სილესენისთვის დიდი ემოციური დარტყმა იყო, ის ბორდალასს ესაუბრა, მთავარმა მწვრთნელმა მას უთხრა, რომ შანსს მიიღებდა. ''სევილიასთან'' მატჩის შემდეგ ბორდალასმა აღნიშნა, რომ მეკარის შეცვლისას მხოლოდ სპორტულ მხარეზე არ უფიქრია. სპეციალისტი ნიდერლანდელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გულისხმობდა''.

ბილბაოს ''ატლეტიკთან'' მატჩის მიწურულს სილესენმა შესანიშნავი ''სეივით'' გუნდი მარცხისგან იხსნა, რაც ბორდალასმა მატჩის შემდეგ ახსენა. ''ღამურების'' მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ მომენტში ნიდერლანდელმა მეკარემ ბრწყინვალედ იმოქმედა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა:

''მამარდაშვილი ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეა, მან სადებიუტო მატჩში ძალიან კარგად იასპარეზა და მის მიმართ მოლოდინი გაიზარდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ მას სჭირდება დრო ეტაპობრივი განვითარებისთვის, რომ პროგრესი აჩვენოს. ლა ლიგის მატჩები ძალიან რთული სათამაშოა, აქ მისთვის ძალიან მაღალი მოთხოვნებია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები