„სულიერ სიმშვიდეს მივაღწიე“ - მესი ნაკრებში მოგებულ პირველ ტიტულზე
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ სანაკრებო დონეზე მოგებულ პირველ ტიტულზე ისაუბრა. „ლა პულგა“ კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა და არგენტინელმა ფეხბურთელმა გაგვიზიარა, მისთვის ამ თასის აღმართვა რამდენად მნიშვნელოვანი იყო.
„სულიერ სიმშვიდეს მივაღწიე და ავისრულე ოცნება, რომელიც ხელიდან უამრავჯერ გამიშვია. კოპა ამერიკის მოგება სიზმარს ჰგავდა და ფანტასტიკური მომენტი იყო. შოკში ვიყავი და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მოხდა. ახლა, როცა ჩვენი ზეიმის ფოტოებს ვუყურებ, უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, რადგან მაშინ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, ჩემ გარშემო რა ხდებოდა.
კოპა ამერიკისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ძალიან ძნელია. რამდენჯერმე ვცადეთ ჩემპიონები გავმხდარიყავით და ტრიუმფი ყველაზე მეტად ჩვენ გვსურდა, თუმცა ამას არავინ აფასებდა. კოპა ამერიკის გასულ გათამაშებებზე განცდილი მარცხის შემდეგ, მასმედიის ნაწილი ყურადღებას მხოლოდ ჩვენს წარუმატებლობაზე ამახვილებდა. ისინი ხელმოცარულებს გვიწოდებდნენ, ამბობდნენ, რომ ნაკრებში თამაშისას პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობდით და ეროვნულ გუნდში ასპარეზობას არ ვიმსახურებდით.
ყველა ტიტული, რომელიც კარიერაში მომიგია, მნიშვნელოვანი და ლამაზი იყო, მაგრამ კოპა ამერიკის ჩემპიონობა ყველაზე რთული გახლდათ, რადგან უმძიმესი გზა გავიარე. როგორც იქნა, პირველიდან ბოლო წუთამდე ვისიამოვნე და მიზანს მივაღწიე. ახლა ჩემი შვილები არგენტინულ სიმღერებს მღერიან და ბრაზილიასთან გამართულ ფინალს იხსენებენ. დაუჯერებელია იმის ხილვა თუ რა სიამოვნებას იღებენ ისინი ამ ყველაფრით“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა გადამწყვეტი შეხვედრა ტურნირის მასპინძელს, ბრაზილიას მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი 22-ე წუთზე აიღო.
შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა