„თითოეულ ქართველ გულშემატკივარს მადლობას ვუხდი
Aa
Aa

„თითოეულ ქართველ გულშემატკივარს მადლობას ვუხდი" - გიორგი მამარდაშვილი დებიუტზე

ესპანეთის ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონმა სტარტი აიღო. ტურის პირველივე შეხვედრაში, „ვალენსიას" მაისურით, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ,  20 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა (1-0).

„ვალენსია" კაცნაკლული ძალიან სწრაფად, მე-3 წუთზე დარჩა, თუმცა ამ ფაქტს მამარდაშვილისთვის პრობლემა არ შეუქმნია - ქართველი მეკარე დამაჯერებელი იყო, კარი მშრალად შეინახა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

მატჩის კულმინაცია 93-ე წუთზე იყო, როდესაც „ხეტაფეს" ქულის გადარჩენის ბრწყინვალე შანსი მიეცა, მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და „ვალენსიას" 3 ქულა გადაურჩინა.

საბოლოო ჯამში, მამარდაშვილმა „ხეტაფეს" წინააღმდეგ 4 სეივი შემოგვთავაზა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო პორტალმა - Whoscored, ორივე გუნდის ფეხბურთელების შეაფასებები გაასაჯაროვა. სასიხარულოა, რომ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება ქართველმა მეკარემ დაიმსახურა (7.82).

CrystalSport-ი გიორგის ესპანეთში დაუკავშირდა და პირველი კომენტარი ჩაწერა.

გიორგი მამარდაშვილი

„როცა ვალენსიაში ჩამოვედი, თავიდან გამიჭირდა, რადგან ენა არ ვიცოდი, თუმცა გუნდის თითოეული წევრი დამეხმარა ადაპტაცია სწრაფად რომ გამევლო. გუნდში დადებითად დამხვდნენ და კარგად მიმიღეს.

დებიუტს რაც შეეხება, არ მინერვიულია, ვიცოდი, ხელს შემიშლიდა. მშვიდად, წყნარად ვითამაშე. ვფიქრობ, კარგი, დასამახსოვრებელი თამაში გამოვიდა. საერთოდ, პირველი მატჩი ყოველთვის რთულია და ჭირს, თუმცა ახლა უკვე მთავარია ასე განვაგრძო და არ გავჩერდე.

შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ერთ პატარა მიზანს მივაღწიე, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.

დებიუტის შემდეგ მამას ველაპარაკე (ავტ: მამა -დავით მამარდაშვილი ყოფილი მეკარე და ამჟამად, მეკარეების მწვრთნელი), ზოგადად, ჩემი ოჯახი ძალიან გახარებულია და ამით მეც ბედნიერი ვარ!

ვიცი, რომ ქართველი ხალხი გახარებულია და თითოეულ მათგანს გულშემატკივრობისთვის მადლობას ვუხდი!"

საინტერესოა, რომ 20 წლის შემდეგ, 20 წლის გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგაში, ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გიორგი დემეტრაძემ, 2001 წელს, „სოსიედადის" შემადგენლობაში ჩაატარა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას" ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები