„მესტალიას ახალი გმირი ჰყავს
Aa
Aa

„მესტალიას ახალი გმირი ჰყავს" - ლა ლიგის ოფიციალური გვერდი მამარდაშვილზე წერს

ესპანეთის ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონმა სტარტი აიღო. ტურის პირველივე შეხვედრაში, „ვალენსიას" მაისურით, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ,  20 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა (1-0).

„ვალენსია" კაცნაკლული ძალიან სწრაფად, მე-3 წუთზე დარჩა, თუმცა ამ ფაქტს მამარდაშვილისთვის პრობლემა არ შეუქმნია - ქართველი მეკარე დამაჯერებელი იყო, კარი მშრალად შეინახა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

მატჩის კულმინაცია 93-ე წუთზე იყო, როდესაც „ხეტაფეს" ქულის გადარჩენის ბრწყინვალე შანსი მიეცა, მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და „ვალენსიას" 3 ქულა გადაურჩინა.

საბოლოო ჯამში, მამარდაშვილმა „ხეტაფეს" წინააღმდეგ 4 სეივი შემოგვთავაზა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი მეკარის დებიუტს ლა ლიგა სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა:

„მესტალიას („ვალენსიას" საშინაო არენა) ახალი გმირი ჰყავს - გიორგი მამარდაშვილი"

View this post on Instagram

A post shared by LaLiga (@laliga)

საინტერესოა, რომ 20 წლის შემდეგ, 20 წლის გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგაში, ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გიორგი დემეტრაძემ, 2001 წელს, „სოსიედადის" შემადგენლობაში ჩაატარა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას" ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები