„მატჩის წინ შანსები ყოველთვის თანაბარია და ამჯერადაც ასეა
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  19:30

„მატჩის წინ შანსები ყოველთვის თანაბარია და ამჯერადაც ასეა" - გეგუჩაძე სივასპორზე

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე, მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა ბელარუსში,  „ბატეს" დამაჯერებელი ანგარიშით - 1-4 მოუგო (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

გია გეგუჩაძე - „დინამო" ბათუმის მთავარი მწვრთნელი

„სივასპორთან მატჩის წინ გუნდი ვამარა სანოგომ დატოვა. წასვლა-მოსვლა ბუნებრივი პროცესია. ფრანგის კლუბიდან წასვლას ახსნა აქვს და ეს თქვენ იცით. გეტყვით, რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც გუნდი დატოვა რაფაელ ჩუკვურამაც.

სივასპორთან მატჩში ვერ დაგვეხმარება ლუკას გროზურეკი, ასევე დაგვაკლდა გიორგი ზარიაც.

ფოტო: დინამო ბათუმი

შანსები ყოველთვის თანაბარია და ვფიქრობ, ამჯერადაც ასეა.

ბატესა და სივასპორის შედარება რთულია, რადგან ორივე განსხვავებული სტილის გუნდია, თუმცა საერთოც მრავლად აქვთ. გუნდის სიძლიერე მოედანზე უნდა შეფასდეს, თუმცა უდაოა, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. ეს დიდი გამოცდილება იქნება ჩვენთვის - მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის.

უდიდესი სიკეთეა, როცა ტირბუნაზე მაყურებელია. ასეთ დროს როგორ შეიძლება თქვა, რომ წნეხის ქვეშ ხარ. პირიქით, როცა შენი გულშემატკივარი გვერდით გიდგას და მატჩებს იგებ, ამაზე დიდი სიამოვნება არაფერია".

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების განრიგი

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში, 5 აგვისტოს ჩაატარებს. შეხვედრა ბათუმი არენაზე, 21:00 საათიდან დაიწყება, ხოლო, გუნდების საპასუხო მატჩი სტუმრად, 12 აგვისტოს შედგება და სტარტს 22:00 საათიდან აიღებს.

„დინამო" ბათუმი v „სივასპორის" მატჩის არბიტრები

ბათუმში ბოსნია და ჰერცოგოვინას წარმომადგენლები იმსაჯებენ. კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 37 წლის ირფან პელჯტო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას სენად იბრისიმბეგოვიჩი და დავორ ბელჯო გაუწევენ. მეოთხე მსაჯი მილოშ გიგოვიჩი იქნება.

ირფან პელჯტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მსაჯობის გამოცდილება აქვს. მას ასევე უმუშავია ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებზე. მანვე განსაჯა მაისში, ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატის მატჩი, სადაც საფრანგეთი დანიის წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0-1).

საინტერესოა, რომ გუნდები სტუმრად გასამართი მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმარი გუნდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ინტერესი უდიდესია - აღსანიშნავია, რომ „დინამო" ბათუმი v „სივასპორის" მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად დაახლოებით 3 საათში გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები