საუკეთესო ცენტრებს შორისაა - რას წერენ მამუკელაშვილზე დრაფტის წინ?
Aa
Aa

საუკეთესო ცენტრებს შორისაა - რას წერენ მამუკელაშვილზე დრაფტის წინ?

ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის 2021 წლის დრაფტის შესახებ ისაუბრა. ამერიკული გამოცემები ვარაუდობენ, რომ „მამუს“ მეორე რაუნდში აირჩევენ, თუმცა თავად სანდრო თვლის, რომ იგი საუკეთესო 30 ახალგაზრდას შორისაა.

„ჩემი აზრით, ამ დრაფტზე ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კალათბურთელი ვარ. ვფიქრობ, შემიძლია, ტოპ 30 ახალგაზრდას შორის ვიყო, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს დრაფტი როგორ ჩაივლის. აღტაცებული ვარ და ღონისძიებით სიამოვნებას მივიღებ, თუმცა აუცილებლად შევეცდები ყველას დავუმტკიცო, რომ მაქვს ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იყო“.

დრაფტი თბილისის დროით 30 ივლისს გაიმართება და ღონისძიებამდე რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ მამუკელაშვილის შესახებ დაწერა. Yardbarker-ის მიხედვით, „მამუ“ 2021 წლის დრაფტის საუკეთესო ცენტრებს შორისაა.

„მამუკელაშვილი უნიკალური ახალგაზრდაა. იგი 211 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე კალათბურთელია, რომელიც ბურთს კომფორტულად ატარებს, პიკ ენდ როლებისას კარგად გამოიყურება და პერიმეტრზე აწევით მეტოქის დაცვის გაწელვა შეუძლია. ქართველი კალათბურთელი სეტონ ჰოლში გატარებულ მეოთხე სეზონში საშუალოდ 17.5 ქულას აგროვებდა და ფლეიმეიქერობის მხრივ სერიოზული პროგრესი ჰქონდა. მას ათლეტურობა აკლია და მისი დაცვაში თამაში კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა მისი უნივერსალობა მას საინტერესო და დამაინტრიგებელ კანდიდატად აქცევს“.

ESPN-მა დრაფტის წინ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილი 59-ე ნომერია და ამერიკული გამოცემა მას „ბრუკლინ ნეთსს“ უკავშირებს. Bleacher Report-ის მიხედვით, „მამუს“ მე-60 ნომრად „ინდიანა პეისერსი“ აიყვანს, ხოლო Sports Illustrated-მა მამუკელაშვილს 64-ე ნომერი მიაკუთვნა და დრაფტს მიღმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები