„საქართველო, გპირდები რომ არაერთხელ ავაჟღერებ ჩვენ ჰიმნს
Aa
Aa

„საქართველო, გპირდები რომ არაერთხელ ავაჟღერებ ჩვენ ჰიმნს" - ეთერ ლიპარტელიანი

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, სადაც ქართველ გულშემატკივარს საქართველოს სახელით ქართველ სპორტსმენების ხილვაც შეუძლია.

სამწუხაროდ, 57-კილოგრამ წონით კატეგორიაში, მედლის გარეშე დარჩა ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იაპონელ იოშდასთან დამარცხდა.

მოგვიანებით, სპორტსმენმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით მიმართა.

ეთერ ლიპარტელიანი

„ჩემო კეთილო ხალხო, დიდი მადლობა გვერდში დგომის, გამხნევებისა და გულშემატკივრობისთვის. ძალიან მიხარია ამდენი ადამიანი -  ნაცნობი თუ უცნობი, ყველა მწერს და  ჩემი ბრძოლისა და თავდადებისთვის მადლობას მიხდის.

მადლობა თქვენ, ქართველო ხალხო! თქვენ მე მაძლიერებთ! საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარული ორმაგად ძლიერს მხდის, თუმცა ძალიან რთულია დარჩე კვარცხლბეკს მიღმა, ხედავდე და აანალიზებდე იმას, რომ შენი ნატვრა და ოცნება სხვას აუსრულდა. ძალიან ბევრი შრომა თუ ტკივილი იმალება ამის მიღმა, თუნდაც ის, რომ შეგეძლო და ვერ შეძელი! ძალიან რთულია ჩემთვის, იმდენად რთული, რომ ჯერ კიდევ გათიშული ვარ და ვერ ვაცნობიერებ, რომ ამდენი ხნის ოცნებამ უმედლოდ ჩაიარა... მაგრამ ვპირდები ჩემ თავს, გპირდები, საქართველო, რომ არაერთხელ ავაჟღერებთ ჩვენ ჰიმნს და ჩვენი დროშა უამრავჯერ იქნება ყველაზე მაღლა!მადლობა უფალს მაქვს შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს ღირსება საზღვარგარეთ დავიცვა.

მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ, ქართველებო, მიყვარხართ სვანებო... მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩემს წარმატებაში წვლილი შეიტანა:  მადლობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, რომელიც ყველაფერს აკეთებს სპორტსმენებისთვის, მადლობა სპორტის სამინისტროს და ასევე, ოლიმპიურ კომიტეტს, მაპატიეთ, რომ ვერ შევძელი მედლის მოპოვება, მაგრამ ამით არ დავნებდები და ბევრჯერ გაგახარებთ. მადლობა ჩემს უსაყვარლეს მწვრთნელებს: გია თენაძესა და კახა მოცრაძეს, რომლებიც ამდენი წელი ჩართული იყვნენ და არიან ჩემს წარმატებაში და არა მარტო ჩემი, ქალთა ძიუდოს წარმატებაში. მადლობა სამედიცინო პერსონალს, ზურაბ კახაბრიშვილსა და მის საუკეთესო გუნდს, რომლებმაც ჩვენთვის თავდაუზოგავად იშრომეს.

ერთად ყველაფერს შევძლებთ! მიყვარხართ ქართველებო, მიხარიხართ! მიხარია, რომ ჩემი ტკივილი გტკივათ, ჩემი წარუმატებლობის გესმით და გვერდში მიდგახართ, სწორედაც რომ ეს ვართ ქართველი ერი!

დედა, მამა, მახო ბიძია, დაგამწუხრეთ ძალიან, მაგრამ გპირდებით, სანატრელ ოცნებას ყველა ერთად ავიხდენთ. მაპატიეთ, რომ ახლა მე ეს ვერ შევძელი. ძალიან მინდოდა, ოქროს მედალი თქვენთვის ჩამომეტანა და ჩემით ამაყები ყოფილიყავით, მაგრამ ვერ შევძელი! დაგამწუხრეთ, მაგრამ ეს იქნება ჩვენი სიძლიერის წყარო, რომ მომავალში  შეცდომები აღარასოდეს დავუშვათ".

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით, საქართველოს ანგარიშზე 2 მედალია, რომელიც ძიუდოისტებმა, ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს.

სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზეა დაგეგმილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ცხელი ამბები