იტალიელთა ტრიუმფი 53 წლის შემდეგ - საინტერესო ფაქტები ევრო 2020-ის ფინალიდან
Aa
Aa

იტალიელთა ტრიუმფი 53 წლის შემდეგ - საინტერესო ფაქტები ევრო 2020-ის ფინალიდან

ევრო 2020-ის ფინალში, ''უემბლიზე'' ინგლისისა და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი იტალიამ 3:2 გაიმარჯვა.

საინტერესო ფაქტები ევრო 2020-ის ფინალთან დაკავშირებით

ფინალში ლუკ შოუმ ანგარიში პირველ წუთსა და 57-ე წამზე გახსნა. ევროპის ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში შოუს გოლი ყველაზე სწრაფია. ასევე, ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პირველად ითამაშა და თამაშში ერთადერთი გოლი შოუმ შეაგდო და ამ მხრივ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, ის ერთადერთი ინგლისელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში თავი გოლით გამოიჩინა.

ლეონარდო ბონუჩი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა, ევრო 2020-ის ფინალში 34 წლისა და 71 დღის ასაკში შეაგდო გოლი. იტალიელმა გერმანელი ბერნდ ჰიოლცენბაინის რეკორდი დაამხო, რომელმაც ევრო 1976-ის ფინალში 30 წლისა და 103 დღის ასაკში გაიტანა.

იტალია ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ერთ ფინალურ ეტაპზე ორი მატჩი პენალტების სერიაში მოიგო. ევრო 2020-ზე მანჩინის გუნდმა თერთმეტმეტრიანებით ესპანეთსა და ინგლისს სძლია.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ფინალში გამარჯვებული პენალტების სერიაში პირველად 1976 წელს გამოვლინდა, მეორედ კი ევრო 2020-ის ფინალში.

იტალიამ ევროპის ჩემპიონატი 53-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. პირველად იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი 1968 წელს გახდა, მეორედ კი - 2021 წელს.

ჯორჯო კიელინი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში კაპიტნის ამპლუაში ითამაშა. მან 36 წლისა და 331 დღის ასაკში ითამაშა ინგლისის წინააღმდეგ. კიელინიმ ჯანლუიჯი ბუფონის რეკორდი დაამხო, რომელმაც ევრო 2012-ის ფინალში 34 წლისა და 154 დღის ასაკში ესპანეთთან იასპარეზა.

იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო, ევროპის ჩემპიონატი კი - ორჯერ. დიდ ფორუმებზე მოგებული ტიტულების ჯამი 6-ს შეადგენს. ამ მხრივ ევროპულ ნაკრებებს შორის იტალია მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება, რომელმაც დიდი ფორუმები ტრიუმფით 7-ჯერ დაასრულა (იგულისხმება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები).

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ბაკაიოკო საკამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში 19 წლისა და 309 დღის ასაკში ითამაშა. ამ მხრივ საკა მეოთხე ადგილზეა, ის რენატო სანჩესს (ევრო 2016), კრიშტიანუ რონალდუსა (ევრო 2004) და ანატოლი ბაიდაჩნის (ევრო 1972) ჩამორჩება.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატსა და ევრო 2020-ზე საერთო ჯამში კიერან ტრიპიერმა 28 საგოლე მომენტი შექმნა, რაც მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო ზოგადად ყველა ამპლუის ფეხბურთელებს შორის ტრიპიერს მხოლოდ კევინ დე ბრუინმა აჯობა, ბელგიელმა 36 საგოლე მომენტი შექმნა.

ჯანლუიჯი დონარუმას გუნდებმა ხუთ პენალტების სერიაში მიიღეს მონაწილეობა, ხუთივე სერია მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მან გამარჯვება სამჯერ კლუბის, ორჯერ კი ნაკრების რიგებში იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები