„უნიკალური კალათბურთელია
Aa
Aa

„უნიკალური კალათბურთელია" - მამუს იოკიჩსა და ოდომს ადარებენ

NBA-ის 2021 წლის დრაფტის წინ უცხოურმა სპორტულმა ვებგვერდმა, Lastwordonsports.com-მა ქართველი კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის დახასიათება შემოგვთავაზა. ვებგვერდი „მამუს“ დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს და მას ნიკოლა იოკიჩსა და ლამარ ოდომს ადარებს.

„მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის რიგებში 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. პირველ სეზონში, იგი საშუალოდ 2.6 ქულასა და 1.9 მოხსნას აგროვებდა. მეორე სეზონში, მისი სტატისტიკა 8.9 ქულამდე და 7.8 მოხსნამდე გაიზარდა.

მესამე სეზონში, მამუკელაშვილმა სერიოზული პროგრესი განიცადა. მან სროლა გააუმჯობესა და პერიმეტრიდან 43 პროცენტით უტევდა, ხოლო მისი სტატისტიკა 11.9 ქულა და 6 მოხსნა გახლდათ. მამუმ ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და მეოთხე სეზონში მისი საშუალო მონაგარი 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 შედეგიანი გადაცემა იყო. მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს და პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

მამუკელაშვილის ძლიერი მხარეები

სეტონ ჰოლში ყოფნისას მამუკელაშვილი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური კალათბურთელი იყო. იგი უმეტეს წილად მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ რეალურად ე.წ point forward-ია. სანდრო დაცვიდან შეტევაში გადასვლისას ბრწყინვალეა. ის შესანიშნავი მეპასეა და მაღალი კალათბურთელის პირობაზე ბურთს ჩინებულად აკონტროლებს. გარდა ამისა, მამუკელაშვილი პიკ ენდ როლებისას პროდუქტიულია, რადგან შეუძლია, თანაგუნდელებს ხელსაყრელი მდგომარეობა შეუქმნას და შეტევის წარმართვა საკუთარ თავზე აიღოს. მეოთხე სეზონში, იგი პერიმეტრიდან catch and shoot-სას 37.5 პროცენტით უტევდა და მსროლელის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

მამუკელაშვილის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე მისი დაცვაა. სიმაღლის მიუხედავად, იგი ფარის დამცველის ფუნქციებს ვერ ითავსებს. დაბალი კალათბურთელების წინააღმდეგ დაცვაში თამაშისას, მას ხშირად ჯობნიან და შესაძლოა, NBA-ში მაღლების პირისპირ სათანადოდ ასპარეზობა გაუჭირდეს.

შეტევაში მამუკელაშვილის მთავარი პრობლემა იზოლაციაში თამაში და სტაბილური სროლის არქონაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბურთს კარგად ატარებს, იზოლაციისას მეტოქის ჩამოტოვება უჭირს. მას საიმედო სროლა არ აქვს, რამაც NBA-ის დონეზე შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას. კოლეჯში ყოფნისას მამუ სამწამიანში წარმატებით შედიოდა, მაგრამ არის შანსი, NBA-ში მოასპარეზე კვალიფიციური მაღლების წინააღმდეგ იმავეს გაკეთება გაუჭირდეს.

მამუკელაშვილი მსგავსი კალათბურთელი

კალათბურთელი, რომელთანაც მამუკელაშვილის შედარება შეგვიძლია, ნიკოლა იოკიჩია. ჯოკერის მსგავსად, მამუ შესანიშნავი მეპასეა, ბურთს ბრწყინვალედ აკონტროლებს და კონკრეტულ სიტუაციებში შეუძლია, შეტევაში წამყვანი კალათბურთელი იყოს.

დაცვაში და ათლეტურობის მხრივ მამუკელაშვილი იოკიჩს ბევრით ჩამორჩება, თუმცა მისი სათამაშო სტილი გარკვეულწილად ლამარ ოდომს გვახსენებს. ოდომისგან განსხვავებით, მას NBA-ში ცენტრის პოზიციაზე თამაში შეეძლება. ოდომი ზოგჯერ პერიმეტრიდან ბრწყინვალედ უტევდა, მაგრამ ცნობილი თავისი პასებითა და გამორჩეული მომენტებით იყო. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ორივე ცაციაა“, - წერს Lastwordonsports.com.

შეგახსენებთ, რომ 21-დან 27 ივნისამდე ჩიკაგოში Microsoft Surface Draft combine გაიმართა და მამუკელაშვილმა ექსპერტებისგან და ანალიტიკოსებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა. უცხოური გამოცემები ვარაუდობენ, რომ სანდროს მეორე რაუნდში აირჩევენ და მას „ბრუკლინ ნეთსს“, „დეტროიტ პისტონსს“, „ნიუ იორკ ნიქსსა“ და სხვა გუნდებს უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები