კომფორტული სხვაობით - დინამო ბათუმმა კონფერენს ლიგა გამარჯვებით დაიწყო
Aa
Aa

კომფორტული სხვაობით - დინამო ბათუმმა კონფერენს ლიგა გამარჯვებით დაიწყო

კონფერენს ლიგის 2021/22 წლების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე  დინამო'' ბათუმი სან მარინოს წარმომადგენელ ტრე პენეს" სტუმრად დაუპირისპირდა და კომფორტული სხვაობით, ანგარიშით - 0-4 დაამარცხა.

გია გეგუჩაძის გუნდმა აქტიურად დაიწყო და სწრაფი გოლის გატანა მე-8 წუთზე შეძლო - „ტრე პენეს" კარი გიორგი ფანცულაიამ აიღო (0-1), რასაც ასევე სწრაფად, დაახლოებით 2 წუთში, ვალდიმერ მამუჩაშვილის გოლი მოჰყვა (0-2).

ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, „დინამო" ბათუმმა ტემპი არ დააგდო და პირველ ნახევარში მეტოქეს მესამედაც, მე-18 წუთზე გაუტანა (0-3). ამჯერად თავი ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინა.

შედეგად, ქართულმა გუნდმა სან მარინოს წარმომადგენელს პირველი ნახევარი ანგარიშით - 0-3 მოუგო.

მეორე ნახევარში მეტოქემ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონს ვერაფერი დაუპირისპირა, „დინამომ" კი საპასუხოდ მეოთხე გოლი დაახვედრა, რომელიც შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ზარიამ, 58-ე წუთზე გაიტანა (0-4).

ამის შემდეგ მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა.

კონფერენს ლიგაზე დინამო ბათუმის განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, მიხეილ ალავიძე, ლუკა ხარატიშვილი

მცველები: გაგი მარგველაშვილი, ოლეკსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი, გიორგი ნავალოვსკი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გრიგოლ ჩაბრაძე

ნახევარმცველები: თორნიკე გაფრინდაშვილი, ბენჟამინ ტეიდი, ჯაბა ჯიღაური, ვალერიან თევდორაძე, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლუკას გროზურეკი, ლაშა შინდაგორიძე

თავდამსხმელები: ჯოვინო ფლამარიონი, ვამარა სანოგო, გიორგი ფანცულაია

გუნდების განმეორებითი შეხვედრა 15 ივლისს, ბათუმი არენაზე შედგება და 20:30 საათიდან დაიწყება.

იმ შემთხვევაში თუ ქართული კლუბი ტურნირის პირველ ეტაპს გაივლის, მისი სავარაუდო მეტოქე „ბატე" (ბელარუსი) იქნება.

აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დღესვე კონფერენს ლიგის მატჩები „დილამ" და „გაგრამ" გამართეს. „დილა" ჟილინას" წინააღმდეგ, სლოვაკეთში, ანგარიშით - 5-1 , ხოლო „გაგრა" მონტენეგროში, სუტიესკას წინააღმდეგ, მინიმალური სხვაობით (0-1) დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები