დილას უმძიმესი მარცხი და ნემსაძის ბრწყინვალე გოლი სლოვაკეთში
Aa
Aa

დილას უმძიმესი მარცხი და ნემსაძის ბრწყინვალე გოლი სლოვაკეთში

UEFA-ს კონფერენს ლიგის 2021-22 წლების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურმა ''ჟილინამ'' საკუთარ მოედანზე ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გორის ''დილა'' 5:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მე-6 წუთზე ბენსონ ანანგმა ანგარიში გახსნა, 25-ე წუთზე კი დავიდ დურიშმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

პირველ ტაიმში პაატა ღუდუშაურის აქტიურობის შემდეგ კამარა გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

56-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, სომხეთის ნაკრების შემტევმა ბიჩახჩიანმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში სამამდე გაზარდა.

63-ე წუთზე ''ჟილინას'' 22 წლის თავდამსხმელმა დავიდ დურიშმა რევაზ ჩიტეიშვილი ჩამოიშორა და ლამაზი დარტყმით ანგარიში ოთხამდე გაზარდე. მეკარის ბრალეულობა მიზერულია, გორის ''დილას'' თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს. დემჩენკოს გუნდმა ძალიან დაბალი დონის ფეხბურთი აჩვენა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობა ევროტურნირზე შედეგიანი თამაშისთვის არასაკმარისი საფუძველია.

82-ე წუთზე ნიგერიელმა ტაოფიკ ჯიბრილმა ანგარიში გაზარდა - 5:0. 65-ე წუთზე დემჩენკომ თამაშში ანდრო ნემსაძე ჩართო, რომელმაც 84-ე წუთზე შორი მანძილიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

საპასუხო მატჩი 15 ივლისს გორის ''თენგიზ ბურჯანაძის'' სახელობის სტადიონზე გაიმართება.

გორის ''დილა'' ევროტურნირზე ოთხბურთიანი სხვაობით არასდროს დამარცხებულა. 2013-14 წლების სეზონში ''დილა'' ''მიხეილ მესხზე'' ვენის ''რაპიდთან'' 0:3 დამარცხდა, თუმცა დღევანდელი თამაშით გორულმა კლუბმა უფრო უარესი შედეგი დააფიქსირა. ასევე საინტერესოა იმის თქმა, რომ ''ჟილინასთან'' მატჩამდე ''დილას'' ევროტურნირზე 5 გოლი ერთ მატჩში არასდროს გაუშვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები