ფინალური წყვილი ცნობილია - მილუოკიმ ატლანტა სტუმრად დაამარცხა
Aa
Aa

ფინალური წყვილი ცნობილია - მილუოკიმ ატლანტა სტუმრად დაამარცხა

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენცია „მილუოკი ბაქსმა“ მოიგო. იანის ანტეტოკოუნმპოს ტრავმის მიუხედავად, ვისკონსინელებმა „ატლანტა ჰოუქსი“ დაამარცხეს და საჩემპიონო ბეჭდებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

„მილუოკიმ“ „ატლანტას“ სტუმრად მოუგო და გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი აღმოჩნდა. „ბაქსმა“ მეორე ტაიმის საწყისი წუთები ბრწყინვალედ ჩაატარა და ბოლო თორმეტწუთეულის წინ, 22-ქულიან უპირატესობას ფლობდა, რაც სასურველი შედეგის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა - 118-107.

ანტეტოკოუნმპოს არყოფნაში „მილუოკის“ კრის მიდლტონმა ულიდერა, რომელსაც 32 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჰქონდა. ჯრუ ჰოლიდეიმ 27 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. ბრუკ ლოპესი 13 ქულით გამოირჩა, ხოლო ბობი პორტისმა მატჩი 12 ქულით დაასრულა.

„ატლანტას“ ტრეი იანგი დაუბრუნდა, თუმცა „ჰოუქსის“ ლიდერმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. იანგს ცუდი მატჩი ჰქონდა, 17-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო და 6 სამქულიანი გააცუდა. ჯორჯიელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 21 ქულა რედიშმა დააგროვა. ბოგდანოვიჩმა 20 ქულა გაიფორმა. კაპელამ 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო გალინარი და კოლინსი 13-13 ქულას დასჯერდნენ.

„მილუოკი“ ფინალურ სერიაში „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდება და არიზონელებს საკუთარი კედლების უპირატესობა ექნებათ. გადამწყვეტი დუელი 7 ივლისს, თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები