კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - მეორე წრის საუკეთესოები
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - მეორე წრის საუკეთესოები

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დასრულდა, სადაც 130 გოლი გავიდა.

18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი „დინამო" ბათუმია, რომელმაც თავი 38 ქულას მოუყარა და უკეთესი მაჩვენებლით გალიდერდა. 38 ქულა აქვს „დინამო" თბილისსაც, რომელიც მე-2 ადგილს იკავებს. ლიდერ „დინამოებს" 7 ქულით ჩამორჩა „საბურთალო", რომლის ანგარიშზეც 31 ქულაა.

ჯერ-ჯერობით, 10 ქულით აუტსაიდერი „სამტრედიაა", რომელიც ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულაა სხვაობა „თელავთან"(მე-9 ადგილი), რომელიც ამ მოცემულობით პლეი-აუტის ზონაშია. 

ტრადიციულად, წრის დასასრულს სიმბოლური გუნდი შედგა და საუკეთესოებიც დასახელდნენ.

საქართველოს ეროვნული ლიგის გასულ 18 ტურში „დინამო" ბათუმის კარის დარაჯმა, ლაზარე კუპატაძემ კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ, 10 მატჩში შეინახა და ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.


საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი  გია გეგუჩაძეა.

მეორე წრეში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი სწორედ გეგუჩაძის „დინამო" ბათუმმა ჩაატარა -  „შუქურა" - „დინამო" ბათუმს შორის მატჩში 9 გოლი გავიდა და „დინამო" ბათუმის სასარგებლოდ ანგარიშით - 1-8 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა გია გეგუჩაძის გუნდმა ჯიღაურის დუბლით, ფანცულაიას დუბლით, გროზურეკის დუბლით, ასევე, მამუჩაშვილისა და ზარიას გოლებით მოიგო.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური გუნდში „დინამო" ბათუმის - 4, „დინამო" თბილისის - 2, „საბურთალოს" - 2, „ლოკომოტივის", „სამგურალისა" და „ტორპედოს" თითო-თითო ფეხბურთელი მოხვდა:

კუპატაძე, მამუჩაშვილი, ქაფიანიძე, კობოური, ლაცაბიძე, მანდრიჩენკო, ტეიდი, იმრანი, კუხიანიძე, ფანცულაია, მარუშიჩი


საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტური 22 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიაზე განახლდება. ტურის სასტარტო მატჩში ერთმანეთს „ტორპედო" და „დინამო" ბათუმი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები