„ამ ფაქტში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა'' - კოხრეიძე საფრანგეთში ითამაშებს
Aa
Aa

„ამ ფაქტში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა'' - კოხრეიძე საფრანგეთში ითამაშებს

''საბურთალოს'' 22 წლის ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის ''გრენობლიში'' გააგრძელებს. ტრანსფერი თბილისური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ 1TV-სთან საუბარში დაადასტურა: „ამ ფაქტში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა. გიორგი ახლა მომჯობინდა და ვარჯიშს მალე დაიწყებს, ფრანგებს კი იმედი აქვთ, რომ კოხრეიძე მათ წინსვლაში დაეხმარებათ. ფრანგებმა გიორგისთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს“.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კარიერას საკმაოდ მაღალი დონის კლუბში გააგრძელებს. გასულ სეზონში ''გრენობლი'' ლიგა 2-ში მე-4 ადგილზე გავიდა, ლიგა 1-ში აღზევებისთვის იბრძოდა, თუმცა ფლეი-ოფში დამარცხდა. სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფილიპ ჰინშბერგერი წავიდა და თანამდებობაზე მაურიციო იაკობაჩი დაინიშნა, რომელსაც სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი შვეიცარიულ კლუბებში აქვს გატარებული.

გასულ სეზონში გიორგი კოხრეიძემ თბილისის ''ლოკომოტივთან'' მატჩში დაშავდა, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ჯვარედინ იოგებზე ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია გაიარა.

2021 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გიორგი კოხრეიძემ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი შეაგდო. გასულ თვეში გორის ''დილასთან'' მატჩში კოხრეიძემ მინდორი ტრავმის გამო დატოვა, “საბურთალოს” კაპიტანმა დაზიანება იგივე მუხლზე მიიღო, თუმცა ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. ამ ეტაპზე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ემზადება.

შეგახსენებთ, კოხრეიძე ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი (2018), თასის მფლობელი (2019) და სუპერთასის (2020) გამარჯვებული გახდა.

მასალაში გამოყენებულია ''საბურთალოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები