კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა - ყველა მნიშვნელოვანი ამბავი
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა - ყველა მნიშვნელოვანი ამბავი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დასრულდა, სადაც 130 გოლი გავიდა.

18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი „დინამო" ბათუმია, რომელმაც თავი 38 ქულას მოუყარა და უკეთესი მაჩვენებლით გალიდერდა. 38 ქულა აქვს „დინამო" თბილისსაც, რომელიც მე-2 ადგილს იკავებს. ლიდერ „დინამოებს" 7 ქულით ჩამორჩა „საბურთალო", რომლის ანგარიშზეც 31 ქულაა.

ჯერ-ჯერობით, 10 ქულით აუტსაიდერი „სამტრედიაა", რომელიც ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულაა სხვაობა „თელავთან"(მე-9 ადგილი), რომელიც ამ მოცემულობით პლეი-აუტის ზონაშია. 

ბომბარდირები და საგოლე გადაცემები

ბომბარდირთა დავაში საკმაო სიმჭიდროვეა. 8-8 გოლია „დინამო" თბილისის სერბი ლეგიონერის, ზორან მარუშიჩისა და „დინამო" ბათუმის თავდამსხმელის, გიორგი ფანცულაიას ანგარიშზე. ლიდერებს 7-7 გოლით დმიტრი მანდრიჩენკო („საბურთალო") და გიორგი გაბედავა („დინამო" თბილისი) ჩამორჩებიან, 5 გოლი კი „დინამო" ბათუმის ნახევარმცველის, ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა, რომელმაც ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა (5), რაც საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტია.

მშრალი მატჩები

საქართველოს ეროვნული ლიგის გასულ 18 ტურში „დინამო" ბათუმის კარის დარაჯმა, ლაზარე კუპატაძემ კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ შეინახა  - 10 მატჩი.

9 მატჩია ოთო გოშაძის („საბურთალო"), ხოლო 8 - როინ კვასხვაძის („დინამო" თბილისი) ანგარიშზე.

ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ზესტაფონში, „შუქურა" - „დინამო" ბათუმს შორის შედგა. მატჩში 9 გოლი გავიდა და „დინამო" ბათუმის სასარგებლოდ ანგარიშით - 1-8 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრა გია გეგუჩაძის გუნდმა ჯიღაურის დუბლით, ფანცულაიას დუბლით, გროზურეკის დუბლით, ასევე, მამუჩაშვილისა და ზარიას გოლებით მოიგო.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დანაკლისი

მე-17 ტურის მატჩი „ლოკომოტივსა" და „ტორპედოს" თბილისური გუნდის რიგებში ბოლო იყო გურამ კაშიასთვის. გამოცდილმა მცველმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დატოვა და კარიერას ბრატისლავას „სლოვანში" გააგრძელებს.

გურამ კაშია თბილისის  „ლოკომოტივს" მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ამ დროში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში  „ლოკომოტივის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

 

მომავალი მატჩები

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტური სტარტს 22 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიაზე აიღებს, სადაც ერთმანეთს „ტორპედო" და „დინამო" ბათუმი დაუპირისპირდებიან.

ქუთაისის „ტორპედოს" გულშემატკივარი სოციალურ ქსელში წერდა, რომ კლუბში არსებული პრობლემები, რომელზეც ინფორმაცია არაერთხელ გაჟღერდა, ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უკვე 3 თვეა, რაც ფეხბურთელებს მწვრთნელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს, ხელფასი არ აუღია.  თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ „ტორპედო" ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩში მოედანზე გავა და არსებული პრობლემების მიუხედავად, შეხვედრას მაინც გამართავს. გადაწყვეტილება მიღებულია.

ამავე დღეს დილა" შუქურას" უმასპინძლებს. 23 ივნისს კი ტურის დარჩენილი შეხვედრები შედგება - თელავი" - სამტრედია", დინამო" თბილისი - სამგურალი", საბურთალო" - ლოკომოტივი".

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები